ავტომობილების ანალიტიკურმა პლატფორმამ iSeeCars ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ყველაზე ხანგრძლივი ექსპლუატაციის მქონე ავტომობილებს ძირითადად იაპონური მწარმოებლები ქმნიან.
კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა 174 ათასზე მეტი ავტომობილის ღია მონაცემი შეისწავლეს და გამოთვალეს, თუ რამდენია იმის ალბათობა, რომ კონკრეტული ბრენდის ავტომობილი 250 ათას მილს (დაახლოებით 400 ათას კილომეტრს) გადააჭარბებს.
შედეგების მიხედვით, ბაზრის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 4.8%-ია, თუმცა ოთხმა იაპონურმა ბრენდმა ეს შედეგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა:
Toyota – 17.8%
Lexus – 12.8%
Honda -10.8%
Acura – 7.2%
მეხუთე ადგილზე ამერიკული GMC გავიდა 4.6%-იანი შედეგით. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მაჩვენებელი ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მაც აჩვენა.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ევროპული ბრენდების შედეგებია. ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ Jaguar-ს, MINI-სა და Maserati-ს პრაქტიკულად ნულოვანი შანსი აქვთ, რომ მათი ავტომობილები 400 ათას კილომეტრამდე მივიდნენ. ხოლო Land Rover-ის მაჩვენებელი მხოლოდ 0.1% აღმოჩნდა.

1%-ზე ნაკლები შედეგი მიიღეს ასევე ისეთმა ცნობილმა მწარმოებლებმა, როგორებიც არიან Audi, BMW, Porsche, Hyundai და Kia.
პრემიუმ სეგმენტის ცალკე რეიტინგში ლიდერები გახდნენ Lexus, Acura, Tesla, Cadillac და Lincoln.
iSeeCars-ის წარმომადგენლის თქმით, პრემიუმ ავტომობილების შედარებით დაბალი შედეგი ყოველთვის არ ნიშნავს ნაკლებ საიმედოობას. ხშირად ასეთი მანქანები ნაკლებად ინტენსიურად გამოიყენება და მათი გარბენიც შედარებით მცირეა, რაც სტატისტიკაზე აისახება.
მასობრივი სეგმენტის საუკეთესო ხუთეულში კი Toyota-სა და Honda-ს გარდა მოხვდნენ GMC, Chevrolet და Mazda.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იაპონური ავტომწარმოებლების მრავალწლოვან რეპუტაციას, რომლებიც გამძლეობასა და ხანგრძლივ საიმედოობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ.