LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მონა ლიზა“ ლუვრის განცალკევებულ მიწისქვეშა დარბაზში გადავა

105
ქირიას NEWS შაბლონი

ლუვრის ყველაზე ცნობილი ექსპონატი – მონა ლიზა მალე ცალკე, სპეციალურად მისთვის აშენებულ მიწისქვეშა საგამოფენო დარბაზში განთავსდება, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელიც ექნება. ახალ სივრცეში მხოლოდ ეს შედევრი გამოიფინება.

ახალი დარბაზის დიზაინის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. პროექტზე ნიუ-იორკის არქიტექტურული ბიურო და პარიზის სტუდია იმუშავებენ, რომლებიც 100-მდე კონკურენტს შორის შეირჩნენ.

პროექტის მთავარი მიზანი ლუვრში ვიზიტორთა დიდი ნაკადის მართვაა. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მუზეუმს ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი სტუმრობს, მათგან კი დაახლოებით 7 მილიონი სწორედ „მონა ლიზას“ სანახავად მიდის.

დღეს იმ დარბაზში, სადაც ლეონარდო და ვინჩის შედევრია გამოფენილი, ყოველდღიურად 20 000-დან 24 000-მდე ვიზიტორი შედის. არსებული წესების მიხედვით, თითოეულ ადამიანს ნახატის დასათვალიერებლად ერთ წუთზე ნაკლები დრო ეძლევა. ამასთან, დარბაზში ერთდროულად მხოლოდ 250-300 ადამიანის ყოფნაა დაშვებული, რომლებიც ყურადღებას „მონა ლიზასთან“ ერთად იმავე სივრცეში გამოფენილ კიდევ 43 ნამუშევარს უნაწილებენ.

ახალი მიწისქვეშა დარბაზი ლუვრის აღმოსავლეთით, შიდა ეზოს ქვეშ მოეწყობა. ვიზიტორებს შეეძლებათ სპეციალური ბილეთის შეძენა და „მონა ლიზას“ სანახავად პირდაპირ ამ სივრცეში მოხვედრა, მუზეუმის დანარჩენი ექსპოზიციის გავლის გარეშე.

„მონა ლიზას“ ახალი დარბაზი ლუვრის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის ნაწილია, რომელსაც უკვე „მუზეუმის ახალ რენესანსს“ უწოდებენ. პროექტი ასევე ითვალისწინებს ორ ახალ მიწისქვეშა შესასვლელს, დამატებით საგამოფენო სივრცეებს, რესტორნებსა და სუვენირების მაღაზიებს. წინასწარი შეფასებით, განახლების დასრულების შემდეგ ლუვრი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონით მეტ ვიზიტორს მიიღებს.
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები