ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხელოვნურ ინტელექტთან საუბრის მანერა გავლენას ახდენს როგორც პასუხის სიგრძეზე, ისე მის ინფორმაციულობაზე. კვლევის მიხედვით, მომხმარებლები, რომლებიც ჩატბოტებს ადამიანური თანამოსაუბრის მსგავსად მიმართავენ და თავაზიან ფორმულირებებს იყენებენ, უფრო დეტალურ და ინფორმაციულ პასუხებს იღებენ.
ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა 18 000 სიმულირებული საუბარი შეისწავლეს. კვლევაში გამოყენებული იყო სამი ენობრივი მოდელი და კომუნიკაციის ხუთი განსხვავებული სტილი, მათ შორის უხეში და ძალიან მოკლე მიმართვებიც.
აღმოჩნდა, რომ მომხმარებლები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს თავაზიანად მიმართავდნენ, მაგალითად იყენებდნენ სიტყვებს „გთხოვთ“ და „მადლობა“, უფრო ვრცელ პასუხებს იღებდნენ. ასეთი პასუხები ძალიან მოკლე, მხოლოდ დავალებაზე ორიენტირებულ მოთხოვნებთან შედარებით 90%-მდე გრძელი იყო და 38%-ით მეტ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავდა.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ უხეში ფორმით დაწერილი მოთხოვნები პასუხის ხარისხის თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევებში მოდელები ზოგჯერ უფრო ვრცელ პასუხებსაც ქმნიდნენ, თუმცა მათში ინფორმაციის რაოდენობა დახარჯულ ენერგიასთან მიმართებით დაბალი იყო – უხეშ მოთხოვნებზე ინფორმაციული ეფექტურობა ზოგიერთ შემთხვევაში 48%-ით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე თავაზიან მიმართვებზე.
მეცნიერების შეფასებით, შედეგები მხოლოდ კომუნიკაციის კულტურას არ ეხება. მომხმარებლის მიერ არჩეული სტილი გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის მიერ დახარჯულ გამოთვლით რესურსებზეც. რაც უფრო გრძელია პასუხი, მით მეტი ენერგიაა საჭირო მის შესაქმნელად. შესაბამისად, თავაზიანმა კომუნიკაციამ შეიძლება უფრო მეტი ინფორმაციის მიღება უზრუნველყოს, თუმცა ამას ენერგიის მოხმარების ზრდაც ახლავს.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კვლევის მონაცემები მნიშვნელოვანია AI სისტემების შემდგომი განვითარებისთვის. მათი აზრით, მომხმარებლების განსხვავებულმა კომუნიკაციის სტილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, პასუხების ხარისხსა და ხელოვნური ინტელექტის ენერგოეფექტიანობაზე.