“არა უცხოტომელ მიგრანტთა ინტერვენციას” –
ლოზუნგი აქციიდან
აქციები იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით ერთი და იმავე ადამიანებმა გამართეს. ორივე შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები და მოქალაქეები, რომელიც ამ აქციებზე იმყოფებოდნენ, საქართველოში უცხოელი მიგრანტების საქართველოში მასობრივ შემოსვლას აპროტესტებენ, რაც ჯერ არ ხდება, თუმცა აქციის მონაწილეები ამის საფრთხეს ხედავენ.
იუსტიციის სამინისტროსთან ისინი მიწების უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმის დროებით გაუქმებას აპროტესტებდნენ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პაქტს, რომელსაც არანაირი სავალდებულო ძალა არ აქვს.
როგორც „ქართული დასის“ ლიდერი, აქციის ორგანიზატორი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, პაქტში მიგრანტთა მასობრივი შემოდინების საფრთხეები იკვეთება.
“ამ პაქტის მეოთხე მუხლი გულისხმობს აზიის და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების შეუფერხებელ და შეუზღუდავი რაოდენობით მიღებას. მეოთხე მუხლი ამბობს, რომ მიგრანტებისთვის უნდა მოხდეს პირადობის მოწმობების მიცემა და მათი დოკუმენტირება, ანუ მათ აქ ლეგალური მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ. მე-6 მუხლი ამბობს, რომ ამ მიგრანტებს სამართლიანი და ეთიკური დაქირავების საშუალება უნდა მივცეთ და ხელი შევუწყოთ მიგრანტთა ღირსეული სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას. თუ ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა შეუძლია მთავრობას, ჯერ ქართველებს უნდა შეუქმნან. ჯერ ისინი უნდა დააბრუნონ და არა აზიელი და აფრიკელი მიგრანტები,“ – აცხადებს ბაღათურია.
მისივე თქმით, თუ მიგრანტები საქართველოში მასიურად შემოედინებიან, სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება.
„აქ აფრიკელების, ავღანელების, აზიელების დიასპორები უნდა შეიქმნას და მათ მდგრად განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ. თქვენ ხომ წარმოდგენილი გაქვთ, რა მოხდება. სხვის შვილს რომ ვიღაცამ კაბა აუწიოს და ხელი გაარტყას, ამას ვერ ავიტანთ, მე ვერ ავიტან და მამამ როგორ უნდა აიტანოს, სისხლის ღვრას ვერ ავიცილებთ და იმათ ვერ ავუხსნით, ის სხვა საზოგადოებაა, მათი საქართველოში მასიურად შემოსვლა სისხლისღვრას გამოიწვევს,“ – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მოთხოვნები, აქციის ორგანიზატორებმა, პირადად გააცნეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და განაცხადეს, რომ თანამშრომლობის კონტურები გამოიკვეთა.
მათ უწყების წარმომადგენლებისგან მიიღეს დაპირება, რომ მათ მოთხოვნას მთავრობის უწყებათაშორის კომისიაზე გაიტანენ და სამუშაო შეხვედრებში ჩართავენ.
აქციის მონაწილეები საერთაშორისო ხელშეკრულებაზე საუბრობენ და საგარეო უწყებას ხელმოწერის გამოთხოვისკენ მოუწოდებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სასულიერო პირები მოქალაქეებთან ერთად აქციას მართავენ
„ავიღებთ გონივრულ ვადას და იანვრის ბოლოს თუ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, გავმართავთ აქციებს.
უკვე კონკრეტული მონაცემებით შევიკრიბებით და ჩვენს მოთხოვნებს გაითვალისწინებს. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი საზოგადოებრივი ზეწოლა იქნება ამაზე, მით ნაკლებად საშიშ სიტუაციასთან გვექნება საქმე, მასიურად მიგრანტების შემოსვლის მხრივ. ამიტომ, აუცილებელია საზოგადოების ზეწოლა და პრესინგი,“ – განაცხადა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ლევან ჩაჩუამ.
გონივრული ვადა მთავრობას 28 იანვრამდე აქვს. თუ შეთანხმება არ მოხდება, აქციის ორგანიზატორები მასშტაბურ შეკრებებს აანონსებენ, უკვე მთავრობის კანცელარიასთან ან პარლამენტთან.
პაქტი ქვეყანას აუცილებელ მოთხოვნებს არ უყენებს
პაქტი 10-11 დეკემბერს მაროკოში, გაეროს მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში მიიღეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის დოკუმენტი სახელწოდებით – „გლობალური კომპაქტი უსაფრთხო მოწესირგებული და რეგულარი მიგრაციის შესახებ“.
„ეს დოკუმენტი არ გახლავთ ხელშეკრულება, ეს არის პაქტი, რომელიც არ ითვალისწინებს ვალდებულებას და ეს დოკუმენტი შესრულდება იმ დოზით, იმ ფორმით, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნისთვის მისაღებია. სუვერენიტეტის ელემენტი ამ კონკრეტულ ნაწილში სრულად გათვალისწინებულია,” – განმარტა საგარეო საქამეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
იმის მიუხედავად, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს არაფერს ავალდებულებს, აქციის ორგანიზატორები მასში საფრთხეს მაინც ხედავენ.
ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ სწორედ ამგვარმა რეკომენდაციებმა „დაანგრია ქვეყანა“.
„პაქტებს არასდროს არ აქვს დირექტივები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა დაანგრია სწორედ რეკომენდაციებმა. ამ რეკომენდაციებით დავუშვით ნარკოტიკების მოხმარების და გავრცელების ლეგალიზაცია, ჰომოსექსუალების და ცხოვრების სხვა გარყვნილი წესის პროპაგანდა და ა.შ.“ – ამბობს ის.
მისივე განცხადებით, პირველი სამუშაო შეხვედრა წესით, ახალ წლამდე უნდა გაიმართოს. აქციის ორგანიზატორები მზად არიან, ნებისმიერი ფორმატის სამუშაო შეხვედრაზე, რასაც მათ მთავრობა შესთავაზებს.