LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე: თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე აშშ-თან მოლაპარაკებები არასდროს დაწყებულა

31

მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, არასდროს დაწყებულა, – ამის შესახებ „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ამერიკას შორის არსებობს ჩამოყალიბებული მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობასაც განიხილავს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებით განსაზღვრული ყველა მიმართულება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ეს მომავალშიც ასე იქნება. მათ შორის, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი ხელშეწყობა, რომელშიც იგულისხმება შესაძლო თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მუდმივად განიხილება აშშ-თან და ჩვენ ვიხილავთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც მისცემს საშუალებას  ორივე მხარეს, რომ ხელი შეუწყონ ურთიერთვაჭრობას და ინვესტიციების მოზიდვას” – განუცხადა „ფორტუნას“ მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე განმარტებით, აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ ძირითად პლატფორმასთან – ევროკავშირთან და ”ტრანსპასიფიკთან”.

2009 წელს ხელი მოეწერა აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას, რომელიც  თანამშრომლობის ოთხ სფეროს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი ვაჭრობა და ეკონომიკაა. აღნიშნული დოკუმენტი განიხილავს საქართველო-აშშ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმებას და ასევე ინვესტიციების ურთიერთდაცვის სფეროში ახალი ორმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხს.

2007 წლის ივნისში საქართველომ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ვაჭრობასა და ინვესტიციების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას (TIFA). ამ შეთანხმებით  უნდა შექმნილიყო აშშ-საქართველოს ერთობლივი საბჭო ვაჭრობასა და ინვესტიციებზე, რომელიც იმუშავებდა  ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g