“ხვალ დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, სადაც ვსწავლობდი, ვმსახურობდი არმიაში, სადაც ძალიან ბევრი მიბრძოლია, სადაც ციხეშიც ვმჯდარვარ ორჯერ”, – ეს განცხადება ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას მოქალაქეობა დაუბრუნა.
“მან დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. მე ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი. კიევში, სადაც ვსწავლობდი, კიევში, სადაც ვმსახურობდი არმიაში. კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია, ციხეშიც კი ვმჯდარვარ. კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ფიქრები არის მათ შორის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია და დავეხმარები უკრაინელ ხალხს.
უკრაინაში ჩემს წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორიც არის საქართველოში. ქართველი ერის ისტორიაში ივანიშვილი დარჩება მხოლოდ იმით, რომ მე არ მიშვებს ჩემს ქვეყანაში დროებით, მაგრამ ესეც ძალიან მალე დასრულდება. მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გამოსტაცებს მას ხელიდან და ზუსტად ისე დამარცხდება, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში” – თქვა სააკაშვილმა.
ამასთან, როგორც სააკაშვილი ამბობს, უკრაინაში მისი დაბრუნება არ ნიშნავს, რომ საქართველოში გამარჯვებაზე უარს იტყვის. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ პირიქით, ის ახლა უფრო ახლოს იქნება ქართველ ხალხთან.
უკვე გასაჯაროვდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა
ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში არშემოშვების საფუძველი არ არსებობს.
„უკრაინის მოქალაქეს ვერ ექნება შეზღუდული უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება“ – განაცხადა ოლეგ სლობოდიანმა. მისი თქმით, სააკაშვილს აკრძალული ჰქონდა უკრაინის საზღვრის გადაკვეთა როგორც მოქალაქეობის არმქონე პირს. ახლა კი ეს გარემოებები გაქრა.