ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია პირველად საქართველოში 7-9 სექტემბერს კახეთში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს. ღონისძიება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გაიმართება.
როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ტურიზმის ადმინისტრაცია მონაწილეობსმ ესპანეთში მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციით წარსდგა.
ქალაქ მალაგაში გამართულ სესიას 50-ზე მეტი სახელმწიფოს 300 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თალებ რიფაი. პრეზენტაციაზე მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების ტურიზმის მინისტრები და ოფიციალური პირები საქართველოში ღვინის ტურიზმის მიმართულებას და სექტემბერში საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ.
მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სესიას მალაგაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაესწრნენ.