“რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტი ანა წერეთელი, სოციალურ ქსელში მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ამბობს, რომ ახალი სატელევიზიო სეზონიდან არსად იმუშავებს, თუმცა მოგვიანებით ეკრანზე აუცილებლად დაბრუნდება, მხოლოდ უკეთესი ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის.
გარდა ამისა, ის აღწერს, როგორია 15 წლის შემდეგ, “რუსთავი 2”-ის პირობებში მომუშავესთვის, სამუშაო დღეს, მეგობრების თავისუფლად ნახვა და ფეხით სეირნობა.
„15 წლის შემდეგ… მგონი, პირველად სამუშაო დღეს, საღამოს 6 საათზე შევხვდი მეგობარს კაფეში, აუჩქარებლად ვიდექი ყავის რიგში შუადღეს და ფეხით მივედი დღის შუქზე ისეთ ადგილებში, თუ არსებობდა, არც მეგონა… ასევე შევხვდი ჩვენი – უკვე ძველი ‘კურიერის’ და ჩემს არაერთ მაყურებელს, რომელთაგანაც მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა დავინახე, რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ. მათიც მადლიერი ვარ, ვინც მაკრიტიკებდა.
საკითხზე ინტერესის გამო თავს ვალდებულად მივიჩნევ, საჯარო სივრცეში ვთქვა, რომ ახალი სატელევიზიო სეზონიდან ჯერჯერობით არსად ვიმუშავებ. პირადი გეგმების განხორციელების შემდეგ კი გარკვეულ პერიოდში დავბრუნდები♥️ ცისფერი ეკრანის მეშვეობით ერთმანეთს ისევ აუცილებლად შევხვდებით და ეს იქნება მხოლოდ უკეთესი ქვეყნის სამსახურში ყოფნა,“ – წერს ანა წერეთელი.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც “რუსთავი 2” მის ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, ტელეკომპანიის ჟურნალისტების ნაწილმა არხი დატოვა. მათი უმრავლესობა ნიკა გვარამიას მიერ შექმნილ ახალ “მთავარ არხზე” გადავიდა, რომელიც ეთერში პირველად 9 სექტემბერს გავა.