სამოქალაქო საზოგადოებრივმა აქტივისტებმა და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა ტელეკომპანია კავკასიის შემდეგ, სოლიდარობის აქცია “ტვ პირველის” შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს.
“არ დავთმობთ თავისუფლებას”, “ვერ დაგვადუმებთ”, “სოლიდარობა ტვ.პირველს” – ამ ლოზუნგებით ახალგაზრდებმა თანადგომა გამოუცხადეს აღნიშნულ ტელეკომპანიას. აქტივისტების განცხადებით, ქვეყნის მთავარი ფასეულობა სიტყვის თავისუფლებაა და ფიქრობენ, რომ მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ მეგობარ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ ქვეყნებს საქართველოში მედიაპლურალიზმის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

აქციის მონაწილეები მედიასაშუალებების არათანაბარ პირობებზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ეს არის რუსული მეთოდებით ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
მათივე თქმით, ეს არის დამოუკიდებელი ტელევიზიებზე ღია ბრძოლა და შერჩევითი სამართალი. ახალგაზრდები ხელისუფლების ორმაგ სტანდარტზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.
სოლიდარობის აქციაზე სიტყვით გამოვიდა “ტვ პირველის” გენერალური დირექტორი. ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მოდის 2020 წლის არჩევნები და ხელისუფლებამ “კბილები დაანახა”, მაგრამ ეს არის ჟურნალისტებისთვის გაასმაგებული მოტივაცია.
“ბიუჯეტში ხალხის ფული რომ არის შესატანი ამას ვამბობთ ჩვენც. ვეთანხმებით ამას, ოღონდ დაიწყონ ტელეკომპანია იმედიდან და მაესტროდან. რატომ აპატიეს მათ ამდენი მილიონი, ვინ იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე?
ტვ. პირველის 3 თვიანმა დავალიანებამ გაწყვიტა წელში ბიუჯეტი? არა! ჯერ მილიონები დააფარინონ თავიანთ საყვარელ მედიასაშუალებებს და მერე მოგვთხოვონ ჩვენ.” – აცხადებს ინგა გრიგოლია.
“ხელისუფლების შეტევა კრიტიკულ მედიაზე” – სამოქალაქო აქტივისტები ტელეკომპანიების მხარდასაჭერ აქციას მართავენ
შეგახსენებთ, რომ ხვალ ინკასოდადებული ტელეკომპანიების ხელმძღვანელები საქართველოს ფინანსთა მინისტრს ხვდებიან, შეხვედრის თემა დავალიანების გადავადება იქნება.
