საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც Turkish Airlines-სა და Pegasus Airlines-ის ავიაბილეთები ჰქონდათ ნაყიდი და გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის და ნიდერლანდების მიმართულებით აპირებდნენ გამგზავრებას, ავიაკომპანიები მათ ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო და კომპანიები მიმართავენ შემზღუდავ ზომებს, რაც ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო საზღვრების დაკეტვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ასევე ყველა სახის ტრანსპორტით, მათ შორის საჰაერო გზით, გადაადგილების შეზღუდვას.
„როგორც ცნობილია თურქეთის უმსხვილესმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა Turkish Airlines-მა და Pegasus Airlines-მა 17 აპრილის ჩათვლით შეაჩერეს ფრენები გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის და ნიდერლანდების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ Turkish Airlines-სა და Pegasus Airlines-ის მომსახურებით სარგებლობს საქართველოს ბევრი მოქალაქე. საქართველოს მთავრობას ჰქონდა კომუნიკაცია ავიაკომპანიასთან და როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ისინი მგზავრებისთვის უზრუნველყოფენ ალტერნატიული მარშუტების შეთავაზებას, ასევე უსასყიდლოდ უზრუნველყოფს როგორც ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას, ისე მგზავრობის თარიღის ცვლილებას“, – აცხადებენ სამინისტროში.