საქართველოში თაიგულების მარწყვისგან დამზადება დაიწყეს. პროდუქციას კომპანია ”ფრაგარია” უშვებს, მარწყვის თაიგულების რეალიზაცია კი, ძირითადად, დედაქალაქის მასშტაბით ხორციელდება.
თაიგულები განსხვავებული ფორმის, ზომისა და მოცულობისაა, შესაბამისად, ღირებულებაც განსხვავებულია. სტანდარტული მარწყვის თაიგული კი 50 ლარი ღირს.
”ჩვენი პროდუქციის ფასები ვცდილობთ, ნესმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე მომხმარებელზე იყოს მორგებული. სწორედ ამიტომ, თაიგულებს მათი შეკვეთიდან გამომდინარე ვაკეთებთ. რეალიზაცია კი სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდება”, – განუცხადეს ”ფორტუნას” კომპანიაში.
მათივე ცნობით, ”ფრაგარია” სამომავლოდ საკუთარი მაღაზიის გახსნასა და პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ეტაპზე მარწყვის გარდა, თაიგულები შოკოლადისგანაც მზადდება, უახლოეს პერიოდში კი თაიგულის სხვა სახეობებიც გამოჩნდება.
”თაიგულებს ვაკეთებთ როგორც ცალკე მარწყვისა და შოკოლადისგან, ისე ამ ორი პროდუქციის მიქსით. სეზონზე ვაპირებთ, კენკროვანი ხილის თაიგულების წარმოებაც დავიწყოთ”, – განმარტეს ”ფრაგარიაში”.
მათივე ინფორმაციით, თაიგულისთვის მარწყვი კომპანიას თურქეთიდან ჩამოაქვს, თუმცა, სამომავლოდ თანამშრომლობის დაწყებას მარწყვის ადგილობრივ მწარმოებლებთან გეგმავს.
ცნობისთვის, ”ფრაგარია” ბაზარზე 2016 წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ გამოჩნდა. როგორც კომპანიაში განმარტეს, ზამთრის სეზონზე თაიგულები ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, შესაბამისად, რეალიზაციის კუთხით პრობლემები არ ჰქონიათ. მათივე თქმით, მარწყვის თაიგულები საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება – ”ფრეგარიამ” ვალენტინობასთან დაკავშირებით უკვე დიდი რაოდენობით შეკვეთა მიიღო.