აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმას „საზარელი“ უწოდა, თავდასხმამ იდლიბის პროვინციაში 70-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ტრამპის თქმით, მომხდარის შემდეგ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ–ასადის მიმართ „ხედვა შეეცვალა“.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის თავდასხმამ „ბევრი ხაზი გადაკვეთა“ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მომხდარის მიმართ ტოლერანტული დარჩეს.
აშშ-ს პრეზიდენტს არ უთქვამს, როგორ შეიცვლება ქვეყნის სტრატეგია სირიის მიმართ და მას არც პირდაპირ გაუკრიტიკებია რუსეთი, რომელმაც ასადის მხარე დაიჭირა მსოფლიოს მიერ თავდასხმის დაგმობისას.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქიმიურმა შეტევამ მასე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა.
„გუშინდელი საშინელი ქიმიური თავდასხმა სირიაში უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის ქალების, ბავშვების, ჩვილების წინაღმდეგ, მათი გარდაცვალება – კაცობრიობის შეურაცხყოფაა,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ვარდების ბაღში, იორდანიის მეფე აბდულასთან ერთად.
„ასადის რეჟიმის ეს საზარელი ქმედებები არ შეიძლება, შეწყნარებული იყოს. აშშ საკუთარ მოკავშირეებთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით გმობს ამ საშინელ თავდასხმას,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანამდე კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბში თავდასხმა ასადმა განახორციელა და ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ტილერსონმა მოუწოდა რუსეთს, „კარგად დაფიქრდეს, სანამ ასადის მხარდაჭერას გააგრძელებს“.
სირია ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს და სასტიკი სასაკლაოს მოწყობაში ამბოხებულები ადანაშაულებს.