“საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 4 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთის წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთს დაავადებულთან ჰქონდა კონტაქტი, ერთი კი სამედიცინო პერსონალია.
“8 ახალი შემთხვევიდან, ერთი მათგანის წყაროს ლილოს ბაზრობა წარმოადგენს. ერთის წყარო გაჩიანია, კიდევ ერთის პირველწყარო დაავადებულთან კონტაქტი გახლავთ. 4 მათგანი იმპორტირებულია, აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირეული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
“ჩვენს ცენტრში მდგომარეობა არ შეცვლილა და კვლავ 41 პაციენტი გვყავს. ასევე გვყავდა 2 მძიმე პაციენტი და დღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საშუალო სიმძიმისაა”, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევვები 8-ით გაიზარდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 1,145-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი.