საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა. დადასტურებული შემთხვევები ყოველდღიურად 300-მდე აღწევს, თუმცა დაადადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სიტუაციას მართვადს უწოდებს და განმარტავს, რომ ციფრების მერყეობა შესაძლოა 500-მდეც გაიზარდოს. ამირან გამყრელიძე პანდემიის პირობებში ევროპულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ქართულ მაგალითს კარგ შედეგად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მთავარია სიტუაცია იყოს მართვადი. ამის შესახებ განცხადება დღეს საკოორდინაციო საბჭოზე გაკეთდა.
“გვექნება მერყეობა 200-500-ის ფარგლებში, მაგრამ მთავარია იყოს მართვადი” – ამირან გამყრელიძე
მთავრობის ადმინისტაციაშივე განცხადება გააკეთა საქართველოს განათლების მინისტრმა და დაასახელა ქვეყანაში აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების თარიღი. მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, გარდა აჭარის რეგიონისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეები 1 ოქტომბრიდან განაახლებენ სწავლას. თუმცა, გარდა აჭარის რეგიონისა, გართულებული ეპიდსიტუაციის მიზეზით, ისევ დისტანციურ რეჟიმში გადავიდნენ ის სკოლები, სადაც საგანმანათლებლო პროცესი ჩვეულებრივად, საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა.
1 ოქტომბრიდან დაწყებით კლასებში, 12-დან – ბაღებში, ხოლო 19-დან უმაღლეს საწავლებლებში: როდის განახლდება სწავლა ცნობილია
მომატებული რისკის გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში ზურაბ ნასარაიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 16 გურიაში გამოვლინდა და აღნიშნული შემთხვევები „აჭარა ტექსტილსა“ და დაბა ლაითურს უკავშირდება.
სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება ზუგდიდის სამ სკოლაშიც. მიზეზი 14 მოსწავლის კორონავირუსით დაინფიცირებაა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, მოსწავლეების დაინფიცირების წყარო რეპეტიტორია.
„14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. ეს მასწავლებელი კი „ოქროს ბირჟის“ კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდის მკვიდრია და არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან, სამი სკოლა, სადაც მათ შემხებლობა აქვთ, გადავა დისტანციურზე. ეს სკოლებია: რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი”, – აცხადებს მალხაზ თორია.
ქვეყანაში 3 448 ინფიცირებულია, მათ შორის 25 მძიმე პაციენტია, 22 მართვით სუნთქვაზეა
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 148 პაციენტი. დღეს კოვიდ-19-ით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა.