LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი დედმამიშვილის მეღვინეობა კახეთში: ახალგაზრდა გოგონები ბიოღვინოს აწარმოებენ

1746
ფერმერი გოგონებიიი

ბოლო დროს, საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მეღვინეობა. ამჯერად, ოთხ დაზე მოგიყვებით, რომლებიც მთლიანად ჩართული არიან როგორც ყურძნის კრეფაში, ასევე დაწურვასა და ბიოღვინის დაყენებაში. მათი თქმით, განსაკუთრებული ხიბლი გაუჩნდათ მაშინ, როდესაც ბავშვობაში ოჯახში ღვინის მზადების პროცესი მიმდინარეობდა. წლების შემდეგ კი, ოჯახური ტრადიცია ბიზნესად იქცა. გააკეთეს ღვინის ქვევრის მარანი და დაიწყო კახური ტექნოლოგიით ბიოღვინის წარმოება. უფროსი და იამზე ნატროშვილი მიიჩნევს, რომ ცოდნა და განათლება სწორედ ამ ყველაფერში უნდა გამოიყენოს.

 

 

ოთხი დედმამიშვილი ხართ. ოჯახზე მომიყევით…

ბავშვობა კახეთში გავატარეთ, თელავში ვსწავლობდით. ვართ ოთხი და. მიუხედავად იმისა, რომ ყველას განსხვავებული პროფესია გვაქვს, ეს ხელს სულაც არ გვიშლის, რომ ოჯახურ ბიზნესში ყველა ვიყოთ ჩართული.
მე უფროსი ვარ, 24 წლის, განათლება მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით მაქვს მიღებული და ახლაც ვაგრძელებ მაგისტრატურაზე სწავლას.
ჩემი და, მარიამი 23 წლისაა და იურიდიულზე სწავლობს. ისიც მაგისტრია. თუმცა, შემოქმედებითი იდეებით ცდილობს, ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას.
ნინო 21 წლის, ეკოლოგიას ეუფლება. გარემოს დაცვის საკითხებით არის გატაცებული. ასევე, მეღვინეობის მიმართაც დიდი ინტერესი აქვს.
ანანო უმცროსია. წელს ჩააბარა აგრარულ უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ, ქიმიის მიმართულებით. ფლობს ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. მომხმარებლებთან ურთიერთობისას თარჯიმნის როლს ითავსებს.

რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიის არჩევა, რატომ მეღვინეობა?

ყოველთვის ძალიან მიყვარდა კახეთი და სულ მინდოდა ისეთი პროფესიის არჩევა, რომელიც კახეთთან დამაკავშირებდა. გარდა ამისა, ოჯახური ტრადიციის გაგრძელება მინდოდა. ეს კი, საამისოდ იდეალური მიმართულებაა. ახლა აქტიურად ვარ ჩართული ღვინის დაყენების პროცესში.

როგორ შეხვდა ოჯახი გადაწყვეტილებას და რა როლი აქვთ, ოჯახის წევრებს?

პირველ რიგში, მირჩიეს, რომ საფუძვლიანად შემესწავლა მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, დიდი სიხარულით შეხვდნენ, რადგან ღვინო და ვაზი ყოველთვის ჩვენი ოჯახის ისტორიისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

რა ეტაპზე ხართ ახლა?

ბოლო 3 წელია ოჯახურ ტრადიციას მივეცით პროფესიული სახე, გავაკეთეთ საწარმო, ქვევრების მარანი და დავიწყეთ ბიოღვინის წარმოება. ახლა, როცა უკვე ბიოსერთიფიკატი გვაქვს, ვიწყებთ ღვინის მაღაზია-ბარებში შეტანას. გვიხარია, რადგან წელს ჩვენი ღვინო პირველად დაიკავებს დახლებზე ადგილს.

ვინ უვლს ვაზს, ვინ არის ჩართული ამ პროცესში?

კონკრეტულად ვაზის მოვლით მამა არის დაკავებული. რაც აგრონომიული მიმართულებით დავიწყე მუშაობა და ცოდნის გაღრმავება, მეც ჩავერთე ამ პროცესში. დედაც აქტიურად აკონტროლებს წამლობების და მწვანე ოპერაციების გრაფიკს. ბიოვენახის მოვლა დიდ ძალისხმევას და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. ვაკვირდებით ვაზის განვითარებას, ვეგეტაციის სრულ პროცესში და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, ვიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას. თუმცა, მთავარ როლს მაინც მამა ასრულებს.

რას ნიშნავს თქვენთვის ვენახი და ტრადიციების გაგრძელება?

ღვინო, ისევე როგორც ვაზი, ჩვენთვის წარმოადგენდა ქვეყნის, ეროვნების სიმბოლოს. გარდა იმისა, რომ გვიყვარს ეს საქმე, ჩვენ პირდაპირ ვალდებულებადაც მივიჩნევთ მეღვინეობის საუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელებას.

როგორია თქვენი ღვინის დაყენების ტრადიცია?

ღვინის დაყენება ბევრ ტრადიციას და რიტუალს აერთიანებს. აქედან, უმთავრესი კი ამ საქმის ერთობლივი კეთებაა. ოჯახი, ნათესავები ერთობლივი ძალით ვკრეფთ ყურძენს და ვრწყავთ. ჩვენთვის რთველი უმნიშვნელოვანესი პროცესია, მაგრამ ოჯახური შეკრების გარეშე მთავარ ხიბლს ნამდვილად დაკარგავდა.

რით გამოირჩევა ნატურალური ღვინო?

ბიოღვინო ისეთი ყურძნისგან ყენდება, რომელიც ეკოლოგიურად მაქსიმალურად სუფთაა, რადგან წამლობები მხოლოდ  სპილენძისა და გოგირდის შემცველი პრეპარატებით ტარდება. არ არის გამოყენებული ჰერბიციდები, სისტემური პესტიციდები და ინსექტიციდები. შედეგად, არომატულ, მდიდარი გემოვნური მახასიათებლების მქონე ღვინოს ვიღებთ, რომლის გემოც არ გავიწყდება.

როგორ ვიცნოთ, რომ ღვინო ნატურალურია?

ნატურალურ ღვინოს, პირველ რიგში და აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი სერთიფიკატი.

როგორია დღეს თანამედროვე ღვინო და მისი ხარისხი?

ღვინის სფეროში ნამდვილად იგრძნობა წინსვლა. ვენახებისა და ღვინის საწარმო-მარნების სიმრავლემ ბაზარზე კონკურენცია შექმნა. ამან კი, ღვინის ხარისხის გაუმჯობესება განაპირობა. მომხმარებელსაც თანდათან გემოვნება დაეხვეწა და მაღალი ხარისხის ღვინოს ითხოვს.

რა მოლოდინები გაქვთ, რას გეგმავთ?

დიდი მოლოდინი გვაქვს იმის, რომ ჩვენი ღვინო თავისი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით მალე დაიმკვიდრებს ადგილს ცნობილი ღვინოების გვერდით, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე.

რას ურჩევთ ახალგაზრდა, დამწყებ მეღვინეებს?

ვურჩევ, არ შეეშინდეთ დაწყების და კონკურენციის. გაბედულად გადადგან თამამი ნაბიჯები. ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მეღვინეზე თავად საუბრობს. ღვინოში შეგიძლია თავი წარმოაჩინო და დღევანდელ პოპულარულ ღვინოებს შორის ადგილი დაიმკვიდრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g