LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 400-ზე მეტ ოჯახს ერთ ლარად გადავეცით საცხოვრებელი ფართები, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 1500 ოჯახი დაკმაყოფილდა: კალაძე მერიის პროექტებზე საუბრობს

80
FORTUNA.GE- (3)

“ბევრი სხვა პროგრამა გვაქვს, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირს და არა მათ, ვისაც 4 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, ყველას 1000 ბინა და მანქანა მისცეს, მაგრამ ამ პროგრამებით ისარგებლებს ის, ვინც მართლა შეჭირვებულია და მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა სჭირდება.” – თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები რჩება.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საცხოვრებელი ფართების დაკანონებასა და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ბინებით უზრუნველყოფაზე.

კახა კალაძე ამბობს, რომ 1400-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეძლო, ერთ ლარად მიეღო საცხოვრებელი ფართები, დღეს შესაძლებლობა აქვთ, კიდევ 66 ოჯახს დაუკანონონ ფართი და ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება:

“ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები და ოჯახები, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში და ვერ ახორციელებდა მათ დაკანონებას გარკვეული პრობლემების გამო.

ჩვენ ამ პროგრამის განხორციელება დავიწყეთ და 1400-ზე მეტ ოჯახს უკვე მივეცით შესაძლებლობა ერთ ლარად გადაგვეცა საცხოვრებელი ფართები მათ საკუთრებაში.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მე ავდგე, მიწა მივიტაცო და შემდეგ პრეტენზია გამოვთქვა რომ ეს ჩემი საკუთრებაა და აქ უნდა ავაშენო საცხოვრებელი ფართი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდეს 4 ბინა, 4 ავტომობილი და ასე შემდეგ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მუნიციპალიტეტი ამას არ დაუშვებს.

დღეს გვაქვს შესაძლებლობა 66 ოჯახს დავუკანონოთ საცხოვრებელი ფართი, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადავცეთ ისნის რაიონში.” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანების საკითხი, მერია აგრძელებს მათ დახმარებას და 3 ათასი ოჯახიდან 1500-მდე ოჯახის მოთხოვნები უკვე დაკმაყოფილდა, დარჩენილ ნაწილს კი პირობა მისცა, რომ მათი მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება:

“გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ოჯახების ფართებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

3 ათასი ოჯახიდან 1500-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ, რაც ვფიქრობ, კარგი შედეგია. ამ პირებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

ინვესტორთან შეთანხმებით, ჩვენი სამსახურების ჩართულობით, ეს კონკრეტული კომპანიები ვალდებულნი არიან, ააშენონ კოპუსები და მოხდეს ამ ადამიანების ბინებით დაკმაყოფილება.

დარჩენილ 1500 ოჯახს პირობას ვაძლევ, რომ ძალიან მალე ისინიც დაკმაყოფიდლებიან და მაქსიმალურად ექნებათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა.

პრობლემა, რომელიც ათეული წლებია ამ ქალაქში არსებობს და ოჯახები ელოდებოდნენ, პირობას გაძლევთ, ძალიან მალე მოგვარებული და მოწესრიგებული იქნება.” – თქვა კალაძემ.

magti 5g