დღეს, 2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.
დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება
ცნობილია, რომ პარლამენტში „მოქალაქეების“ ლიდერები შედიან. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შესაძლოა შევიდეს „სტრატეგია აღმაშენებელიც“ .
„თუ დავინახავ რეალურ კომპრომისულ, ხალხისთვის მისაღებ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ოთხივე პუნქტი შესრულდა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ ბოიკოტის საკითხი. ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა საბოლოო პოზიცია ნამდვილად არ ჩამოგვიყალიბებია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი მოიხსნება.
მთავარი არის იმ 4 საკითხზე მსჯელობა და შემდეგ მსჯელობა ბოიკოტის თემასთან დაკავშირებით. როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, ახლა ამაზე საუბარი, შესაძლოა, აზრსმოკლებული იყოს. აქედან გამომდინარე, თუ „ქართული ოცნება“ კენჭს უყრის და შეწყვეტს მანდატებს, ეს ნიშნავს, რომ თეორიულადაც კი პარლამენტში 100-ზე ნაკლები დეპუტატი რჩება და შევსების ერთადერთი მექანიზმი რიგგარეშე არჩევნებია“,- განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას დიდი როლი ეკისრება და პოლიტიკურ ბერკეტებზე უარის თქმა გაუგებარია. როგორც ვაშაძე ამბობს, ზურაბიშვილის პოზიცია გასაგებია, თუმცა აღნიშნა, რომ ყველაფერი დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული.