„მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ კახა კუჭავას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, ახლად შემოსულმა ოპოზიციამ უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში და მაინცდამაინც ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დემონსტრაციული უარით თავი გამოიჩინეს,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი და დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას არჩევას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ექვსი, ეს ექვსი კი, სავარაუდოდ მათი ყოფილი თანაგუნდელები არიან.
„ოპოზიციიდან კახა კუჭავას მხარდაჭერა გამოუცხადეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა.“ კენჭისყრა ფარული იყო და საჯარო არ არის, ვინ იყო ის ექვსი წინააღმდეგი, თუმცა, დარბაზში მყოფთა სია და ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს ექვსი, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია,” – წერს შალვა პაპუაშვილი.
მისივე სიტყვებით, სამწუხაროა, რომ მათ პირველივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ორი მძიმე შეცდომა დაუშვეს – ადამიანური და პოლიტიკური.
“ადამიანური – სულ რაღაც 14 დღის წინ, ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ და კახასაც ძალიან კარგად იცნობენ. ორი ოპოზიციური პარტიისგან კახა კუჭავას მხარდაჭერის ფონზე, მძიმეა იმის ნახვა, რომ, სულ რაღაც, ორი კვირის წინ, ფიზიკურადაც და ადამიანურადაც, შენ გვერდში მყოფები, უბრალოდ ხმის მიცემისგან კი არ იკავებენ თავს, არამედ წითელ ღილაკსაც არ ერიდებიან.
პოლიტიკური – ჩვენ გუშინ არ ვამტკიცებდით მთავრობას, რომ ოპოზიციას ამ პროცესისგან ლოგიკურად თავი შეეკავებინა. ჩვენ ვირჩევდით პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი ყველას თავმჯდომარეს. აქ პარტიულობა კრიტერიუმი არ არის. „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ კახას მხარი დაუჭირეს, ახლად შემოსულმა ოპოზიციამ უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში და მაინცდამაინც ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დემონსტრაციული უარით გამოიჩინეს თავი.
სხვათა შორის, შარლ მიშელის დოკუმენტს მათაც მოაწერეს ხელი. იმ პუნქტსაც, რომელიც საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებას გულისხმობს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი?
თუ მოითხოვენ კომიტეტის თავმჯდომარეობას ან სხვა საპარლამენტო თანამდებობას, მათივე პოლიტიკური და ადამიანური საზომით, ჩვენც არ უნდა დავუჭიროთ მხარი?! გუშინდლის მერე, დავფიქრდები.
ცუდია, და საქართველოში კი, ალბათ საბედისწეროც, როცა პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ასე ღრმად მცდარია. როგორც იტყვიან: ცუდი დასაწყისი ცუდი დაბოლოების საწინდარია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
86 ხმით ექვსის წინააღმდეგ – პარლამენტს ახალი თავმჯდომარე, კახა კუჭავა ჰყავს