პარლამენტს “სისხლის სამართალის საპროცესო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინა – ინიციატივა ნაფიც მსაჯულთა კორპუსის ფორმირებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს გულისხმობს.
ინიციატივის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია. თავად ცვლილებების პროექტი კი შემდეგს ითვალისწინებს:
➤ პირს უფლება ექნება, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ სასამართლოს წარუდგენს ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი ინფორმაციების ერთობლიობას, რომლითაც დადასტურდება, რომ ისეთ სამუშაოს ასრულებს, რომელშიც მისი კონკრეტულ პერიოდში და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს;
➤ იმ შემთხვევაში, თუ საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით სათადარიგო მოსამართლე დაინიშნება, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მას ჩაანაცვლებს და შერჩევის პროცესი გაგრძელდება;
➤ კანონპროექტის მიხედვით, იზრდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მეორე სხდომაზე გამოსაძახებელი ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების რაოდენობაც – თუ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, მოსამართლე გადადებს სხდომას არაუმეტეს 10 დღით და არაუმეტეს 100 კანდიდატის ნაცვლად, დამატებით მოიწვევს არაუმეტეს 300 კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.
ინიცირებული კანონპროექტი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” 223-ე მუხლიდან მე-11 ნაწილის ამოღებასაც ითვალისწინებს, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც დაცვის მხარეს, ასევე ბრალდების მხარეს უფლება ექნება 6 დაუსაბუთებელი აცილება განაცხადოს, ხოლო თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მხარეს 10 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება ექნება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობად.
❗ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისთვის დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენება, შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, 500-დან 1000 ლარამდე იზრდება.
◼ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოწვევად რჩება სისხლის სამართლის საქმის განმხილველი ნაფიც მსაჯულთა კორპუსის დროულად ფორმირება, რაც ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების მიერ შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობით და ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულების თავიდან აცილებით არის გამოწვეული;
◼ ნაფიც მსაჯულთა კორპუსის ფორმირების გაჭიანურებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით” დაცულ ბრალდებულის უფლებაზე, რომელიც მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელებას გულისხმობს.