LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკაცრი გაფრთხილება აშშ-დან და ხისტი გზავნილები ევროპიდან „ოცნებას“ – რა შედეგი გამოიღო 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირებამ ქართულ პოლიტიკაში

188
223950082-202901038513300-3727052536445526230-n

მმართველი გუნდის მხრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის ანულირებას, ქვეყნის ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, საქართველოში ვიზიტით ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ჩამოვიდა და დღის განმავლობაში პოლიტიკურ სპექტრთან შეხვედრებს მართავდა.

გუშინვე არაფორმალური შეხვედრა გამართეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. არაფორმალურ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

კრიტიკული იყო „ქართული ოცნების“ ოპონენტების შეფასებებიც – ცალკეულმა ოპოზიციონერმა საპარლამენტო მანდატი დატოვა, ზოგიერთმა კი, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გაგრძელებას ბოიკოტი გამოუცხადა.

 

რით ახსნა „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება

 

გუშინ, „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

როგორც მანვე განმარტა, 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება მათი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას მათ ამომრჩეველი არ აპატიებს.

„19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება,“ – თქვა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ და იქვე დასძინა, რომ რიგგარეშე არჩევნები, მათივე კეთილი ნებით, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნება.

რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენი კეთილი ნებით, 53%-ის შემთხვევაშიც დავნიშნავთ: ირაკლი კობახიძე

 

შეერთებული შტატების მკაცრი კრიტიკა

 

მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გუშინვე მკაცრი და ხისტი გამოხმაურება მოჰყვა, კრიტიკა არც ახლა წყდება.

ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „ქართლი ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურება. სენატორი რიში წერს, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს.

„ქართული ოცნების გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს – არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს,“- დაწერა ჯიმ რიშმა.

„დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შეიძლება გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას, ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს,“ – ამ განცხადებით კი, ამერიკელი სენატორები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ და ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს.

მათი განცხადებითვე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ძალიან იმედგაცრუებულები არიან. „ეს ძირს უთხრის იმ რეფორმების გატარების ძალისხმევას, რაც შეთანხმებულია 19 აპრილის შეთანხმებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სენატორები ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს.

„გულდასაწყვეტი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ან შეთანხმება კეთილსინდისიერად არ შეასრულა, ” – აცხადებენ სენატორები.

როგორც სენატორები ამბობენ, საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან პერიოდში, კიდევ უფრო გულდასაწყვეტი იყო, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ აპირებს 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდეს.

„მეტწილად სწორედ მმართველ პარტიას ევალება, გვერდზე გადადოს პოლიტიკური განსხვავებები და განახორციელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველს სარგებელს მოუტანს.

როგორც შეერთებული შტატების სენატის კანონმდებლები, ჩვენ მოვუწოდებთ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ,“ – ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.

შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლა, ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამ განცხადებას მალევე მოჰყვა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას.

მათივე განცხადებით, ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს.

„ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკან გადადგმული ნაბიჯების გამო,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც აშშ აგრძელებს დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება.

„ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც „ქართული ოცნება“ იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა,“ – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ამერიკელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის.

„საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად.

დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლობიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის.

დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას,“ – აღნიშნულია შტატების საელჩოს განცხადებაში.

მათივე შეფასებით, ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად.

„ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის, „ქართულ ოცნებას,“ ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის,“ – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა, რათა პარტიის ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი: დევიდ კრამერი

 

რას ამბობს თავად შარლ მიშელი და ევროპელი პარტნიორები

 

„ქართული ოცნების“, მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს გამართავს.

შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ 19 აპრილის ხელშეკრულება განაგრძობს ქვეყნის გზას ევროპისკენ, უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.

ან დასავლეთის გზით წახვალთ, ან რუსულ გზას აირჩევთ, მინდა ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ მიმართულებას ირჩევს: ჟიგიმანტას პავილიონისი

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და  სამუშაო ადგილების ზრდას – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სასარგებლოდ.

მე ვერ ვხედავ სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების გარდა სხვა ალტერნატივას.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში, დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და აიღონ ვალდებულება, ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.

საქართველოში იწყება კონსულტაციები რიგ პოლიტიკურ აქტორებთან. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად.” – ნათქვამია შარლ მიშელის მიერ გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაში.

ვიოლა ფონ კრამონი გახარიას გუნდის წევრებს შეხვდა

„განვიხილავთ, კერძოდ იმას, თუ რა გზას ადგას საქართველო, რა მიმართულებით მიდის. ეს მართლაც რუსეთის გზაა თუ ჯერ კიდევ ევროპული,“ – ამის შესახებ კი, საქართველოში მყოფმა ევროდეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მანამდე კი, კრამონმა სოციალურ ქსელში იმაზეც მიუთითა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ რომელმაც 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არც კი მოაწერა, „ქართულ ოცნებას“ ამ შეთანხმების ანულირება გაუადვილა.

 

რა თქვეს დღეს „ოცნებაში“

 

„თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი… არანაირი რუსული სცენარი არ არის”, – ამ სიტყვებით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე -19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის არ შესრულება დასავლურ მომავალზე უარის თქმა არ არის.

„მინდა, იმ იმედგაცრუებას შევუერთდე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც მუდმივად ატარებს „ნაცმოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი“, – ამის შესახებ კი „ქართული ოცნების“კიდევ ერთმა წევრმა, ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდი საკუთარ არგუმენტებს საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარებს.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია 100 დღეა, არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვეტს.

მისივე თქმით, შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა, რამაც ბოლოს ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება.

ოპოზიციის გეგმები და შეფასება

 

საგულისხმოა, რომ „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებაზე კრიტიკას არ მოერიდა არც ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ეკისრება.“

რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ნაკლები კრიტიკა არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუმსახურებია, რადგან, როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი სხვა პოლიტიკოსების ნაწილი, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ ენმ-მ ამ ხელშეკრულების ანულირებას „ხელი შეუწყო“ და უფრო მეტიც, „ოცნებას“ საქმე გაუადვილა.

თავად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ახლა უკვე თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ კი, საპარლამენტო მანდატი დატოვა, თუმცა თქვა, რომ მისივე, ძალიან პრინციპული თხოვნით, თანაგუნდელები ამ ეტაპზე, პარლამენტში დარჩებიან.

„აგერ ჩვენ და აგერ თქვენ, ორ თვეში რეფერენდუმში გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ეს რეჟიმი დათმობს მართვის სადავეებს”, – განაცხადა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ საარჩევნო პროცესში ელენე ხოშტარიასთან ერთად ჩაერთვება.

„მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“, – თქვა მელიამ.

გავალთ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ “ოცნებას”, იძულებული იქნება, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს: მელია

„არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გვესმოდეს მათი გაყალბების სურვილებიც და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმაც და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებასა და კეთილდღეობაზე მომართული,“ – ამის შესახებ კი, საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ნიკა მელიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას არც განიხილავენ და არც აპირებენ.

ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ: ხოშტარია

რაც შეეხება სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრს, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანი იზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ „პარლამენტში ვერ მოხვედრილი, დაბოღმილი პოლიტიკოსების სიცანცარეა.“

მაგალითად, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ თქვა, რომ ის პარლამენტს ტოვებს და ბოიკოტის რეჟიმში გადადის. ბოიკოტი არ გამორიცხა არც პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემაც, ხოლო „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტი გუშინვე დატოვა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი მიიჩნევს, რომ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადება, პარლამენტიდან გასვლის შესახებ „სიცანცარეა.“ მისი თქმით, ამას ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერ მოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს.

აი, გამოდით“ და რა ხდება მერე? – შერცხვება ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი კობახიძეს, გაწითლდებიან? და მერე რა მოხდება?!”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე: რა მოხდება პარლამენტში დარჩენის შემთხვევაში, ელისაშვილი უპასუხა, რომ „ქართულ ოცნებას“ იმას მაინც წამოაძახებენ, რომ უპასუხისმგებლოები არიან, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობას.“

გული მისკდება, რას იტყვიან შარლ მიშელი და ევროკავშირი: ელისაშვილი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ სისუსტეს სწორი გზით უნდა უპასუხოს. მისი აზრით, ოპოზიციისგან ასეთი ნაბიჯი არ უნდა იყოს პარლამენტიდან გაქცევა და ბოიკოტი, რადგან ხელისუფლება სწორედ ამას ელოდება.

შარლ მიშელი უხერხულ მდგომარეობაშია, გამოდის, მის ძალისხმევას აზრი არ ჰქონია: მეგრელიშვილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა დამენიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ უღალატა თავის ტრადიციას და კიდევ ერთხელ გადააგდო ქართველი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა.

როგორც მანვე აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია საპროტესტო ელექტორატის გააქტიურება ქვეყანაში და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობა, რათა „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზარდოს.

magti 5g