თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი „მხოლოდ ქართული“-ს ერთ-ერთი ოთახის წამყვანები გახდნენ. წყვილი მაშინ შეუერთდება მუსიკალური კონკურსის გუნდს, როდესაც „რუსთავი 2“-ზე შოუს ლაივები დაიწყება.
თიკა და აჩიკო ერთად მუშაობას მიჩვეულები არიან. „შუა დღეში“ თანაწამყვანები დიდი ხანია გახდნენ, წლების წინ კი, ერთმანეთთან პირველად, ერთ-ერთი არხის მუსიკალური შოუს წამყვანებად იმუშავეს, მანამდე ამავე კონკურსის გამარჯვებულებიც გახდნენ…
აჩიკო:
ლამის მთელი ცხოვრება დუეტი ვართ. ახლა მოგვეცა შანსი, მაყურებლის წინაშე გავაცოცხლოთ ჩვენი დუეტი, რომელიც პირველად ერთ-ერთი არხის პროექტზე შედგა, ჯერ მონაწილეობა მივიღეთ და გავიმარჯვეთ, შემდეგ კი წამყვანები გავხდით.
თიკა:
დედა, რა ნიჭიერი იყავი და ხარ. ხომ იცი, რომ მაშინაც ძალიან მიყვარდი და ახლაც ძალიან მიყვარხარ. გავიმარჯვეთ, როგორც მუსიკალურად, ასევე სამსახიობო მონაცემებით დაჯილდოვებულმა დუეტმა… მაშინ აჩიკოს დამსახურებით მოვიგეთ.
მაშინდელ თიკასა და აჩიკოს და დღევანდელს რა განასხვავებს?
აჩიკო:
ზუსტად იგივენაირები ვიყავით, შესაძლოა, ცოტა ნაკლები ნაოჭით. მე ჩემს თავზე ვამბობ (იცინიან). თიკასთან ერთად მუშაობა სულ მიხარია. კი ვართ ახლაც ერთ გადაცემაში, მაგრამ ეს სხვა ფორმატია.
თიკა:
„შუა დღეში“ ყოფილ, ყოველდღიურ პრობლემატიკაზე, სოციალურ თემებზეა საუბარი, „მხოლოდ ქართულში“ კი სულ სხვა ღილაკს დავაჭერთ ხელს და განწყობაც სხვანაირი იქნება.
აჩიკო:
პრინციპში, განწყობა ჩვენ სულ კარგი გვაქვს, უბრალოდ, კიდევ სხვა ფერი ემატება ჩვენს შემოქმედებით ცხოვრებას.
მოგწონთ „მხოლოდ ქართული“?
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართული სიმღერის კარგად შესრულება ძალიან რთულია. ბევრი კარგი მომღერალია, რომელსაც უჭირს ქართულის შესრულება. თუმცა რამდენიმე კონკუსანტის ხილვის შემდეგ ძალიან გამიხარდა და ვთქვი: „აი, თუ არა-მეთქი. მახარებს, რომ ზოგადად, გაჟღერდება ქართული სიმღერა, ისიც მიხარია, რომ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ჟანრის ქართული სიმღერა…
თიკა:
ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ყველაზე მეტად აქვთ მოსმენილი, სიამოვნება განცდილი, კონცერტზე თუ სხვაგან, როცა ქართულს გაიგონებ, მაინც შენია და ჟრუანტელი გივლის.
ჯერ პირველი სერია გავიდა და ძალიან ველოდებოდი, მაინტერესებდა, რა იქნებოდა ის ახალი და განსაკუთრებული, რასაც პროექტში მოვისმენდით… დღეს ისტორია იწყება „მხოლოდ ქართულის“. პირველი სერიიდან ავიკვიატე ერთი ძველი სიმღერა, რომელიც აქამდე არ მქონდა მოსმენილი.
როგორი იქნება თქვენი დატვირთვა ამ შოუში?
აჩიკო:
ჩვენ წარმოვადგენთ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას და მისი ოთახის წამყვანები ვიქნებით. ავეჯი დავდგით უკვე (იღიმის). ჩვენთან იქნება უამრავი სტუმარი, კი გვეტყობა, რომ სტუმართმოყვარეები ვართ.
თიკა:
ჩვენთან იქნებიან ძალიან პატივსაცემი ადამიანები მუსიკალური სფეროდან, კომპოზიტორები, ისინი, ვინც ქმნის ქართულს, რითაც ვამაყობთ, გვემღერება და ვზრდით ჩვენს შვილებს. საამაყოა, რომ ყოველ ორშაბათს ამ ადამიანებთან მექნება ურთიერთობა.
ორივე მღერით და ცეკვავთ, ოთახში იქნება ცეკვა-თამაში?
აჩიკო:
არც სიმღერა გვაკლია და არც ცეკვა, არც მოგვაკლდება… თუმცა ტურებს შევუსაბამებთ. გააჩნია, როგორი ტური იქნება იმ დღეს. ჯერ არაფერი დაგვიგეგმავს.
თქვენი პარტნიორობა უფრო სასიამოვნოა იმიტომ, რომ მეგობრები ხართ
რა თქმა უნდა, თუმცა არა მხოლოდ ამიტომ. პარტნიორობა ჩემთვის უცხო არ არის, თეატრში პარტნიორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ვიცი ამის ფასი. კიდევ უფრო მეტად ვაფასებ პარტნიორობის შეგრძნებას. ჩემთვის თიკა არის საუკეთესო პარტნიორი, მეგობარი და დედა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ პროექტს, რომ მასთან ერთად მომიწევს ყოფნა.
თიკა:
აჩო, დიდი მადლობა, გული ძალიან ამიჩუყდა (იღიმის). არჩილის ფაქტორი იყო ერთ-ერთი, რის გამოც პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი. ვიცი, როგორიცაა და ისეთ რაღაცებს მოიგონებს, რაც ყველას მოეწონება.
არასდროს გიჩხუბიათ?
ერთი კერძი არ გავუკეთე და მაშინ მეჩხუბა. არამ ამას ჩხუბსაც ვერ დავარქმევთ, უბრალოდ, ეწყინა.
აჩიკო:
არ გამიკეთა ქათამი მაიონეზში. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ხელი ექნება თიკა ფაცაციას, სასწაულს აკეთებს. ჩვენი თავისუფალი დრო ვერ ემთხვევა ერთმანეთს.
თიკა:
საქმე ისაა, რომ ჯანსაღ კვებაზე ვარ გადასული და მაიონეზს აღარ ვიყენებ (იღიმის).
მოკლედ, არაფერზე კამათობთ.
აჩიკო:
ყოველთვის ვუზიარებდით ერთმანეთს მოსაზრებებს და კონსენსუსამდე მივდიოდით. არასდროს გვიკამათია.
თიკა:
სულ ხელს ვუმართავთ ერთმანეთს, სამსახურს მიღმაც, რჩევა იქნება ეს, კონსულტაცია თუ სხვა სახის დახმარება, მაგალითად, ტანსაცმლის გაცვლას. ისე კარგად დგას ქუსლზე (იცინის).
აჩიკო:
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მჭირდება ხოლმე თიკას გარდერობში შეხედვა. არასდროს დანანებია ჩემთვის არაფერი (იღიმის).
პროექტს რომ დავუბრუნდეთ, რას ელოდებით მისგან?
ქართული სიმღერის პოპულარიზაციას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კომპოზიტორებისთვის იქნება მოტივაცია, ბევრი კარგი ქართული სიმღერა შეიქმნას, ძველიც ისევ გაჟღერდეს…
თიკა:
მე ველოდები აღმოჩენებს, ქართული სიმღერების თანამედროვე ხედვებს, რაც ახალგაზრდებს თან მოჰყვებათ და ფავორიტებს, რომლებსაც ვიპოვით კონკურსანტებს შორის. ერთ გამოსვლას, ადამიანს ბევრი რამის დატოვება შეუძლია, ის, რაც შესაძლოა, სხვებისთვის მნიშვნელოვანი გახდეს. ველოდებით ბევრ ასეთ ნაპერწკალს, რომელსაც „მხოლოდ ქართული“, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იპოვის!..
ფოტო: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: „სტრადა“
ნინო მურღულია