დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში პრესისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება სააგენტოსა და მისი კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო და მასზე 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების კლასიკური და ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები იყო წარდგენილი.
სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში კომერციული პირებისთვის (ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, რესტორნების ქსელების წარმომადგენლები) ქართული ღვინის სემინარი (How Georgian Wines can revolutionise your wine list) გაიმართა, რომელსაც Swirl Wine Group-ის წარმომადგენლები, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი და ღვინის მწერალი რობერტ ჯოზეფი უძღვებოდნენ. სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციაც მოეწყო.
“ლონდონში ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 38 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 98%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.