თავისუფლების მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.
“ვერც როდიონოვი, ვერც პუტინი ვერ დაგვამარცხებს, იმიტომ, რომ მართლები ვართ”- განაცხადა მელიამ.
მან ასევე სიტყვით მიმართა ბიძინა ივანიშვილს. “თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ ისევ შევიკრიბებით, აქ თავისუფლების მოედანზე, მთელი საქართველო. ჩვენ ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაში შენ ხელი არ უნდა შეგვიშალო, ჩვენ დავიცავთ ქვეყნის ღირსებას. ვერც როდიონოვი ვერც პუტინი ვერ დაამარცხებს ვერასოდეს იმიტომ, რომ მართლები ვართ. გეგმა არის ერთადერთი – გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა.
დღეს ძალიან ემოციური დღეა ჩვენთვის ყველასთვის. ძალიან ბევრი ემოცია ირევა და პირველი ემოცია ეს არის ბრაზი, ბრაზი იმიტომ, რომ აქ და ახლა, ჩვენს თვალწინ საქართველოში ისტორიული უსამართლობა ხდება. თითოეული ჩვენგანი ძალიან მაგრად გაბრაზებულა ისტორიულ უსამართლობაზე. საქართველოს ისტორიის წიგნებს როცა ვკითხულობდით, სადაც ძალიან ბევრჯერ განგვიდევნია, შეგვივიწროვებია ან მოგვიკლავს კიდეც საქართველოს ერთგული დიდი ქართველი, სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის განვითარების მანძილზე, სხვადასხვა დროს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ამ ყველაფერს წიგნებში არ ვკითხულობთ, ამ რეალობაში აღმოვჩნდით, ჩვენს გარშემოა ეს ისტორიული უსამართლობა. დღევანდელი დღე საწინდარია იმის, რომ კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა საამაყო ფურცელს დაწერს.
ეს თქვენ დაამტკიცეთ, მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც. მეორე ემოცია, რაც იმ ემოციაში ირევა ეს არის იმედი და რატომ იმედი? იმიტომ, რომ ის, რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღევანდელობას შევცვლით თქვენი სიმრავლით, სიმტკიცით და თქვენი სიმართლით, ამ ყველაფრით შეცვლით დღევანდელ რეალობას.
კიდევ ერთი ემოცია, რომელიც აქ ირევა არის სოლიდარობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ, სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო (არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ უნდა ვთქვა) ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. ყველა, გარდა სამარცხვინო მოღალატე ხელისუფლების, ოკუპანტებისა, კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია, მთელი ცივილიზებული სამყარო მიხეილ სააკაშვილთან სოლიდარულია.
ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის გარეთ არ გამოვა, არა როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, სულისჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არა როგორც მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი, როგორც პირველ რიგში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“,- განაცხადა მელიამ.