საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულზე კრიტიკული შეიძლება რამდენიმე საათშიც გახდეს. ნიკოლოზ ყიფშიძე კონსილიუმის წევრებს სასწრაფოდ შეხვედრას და გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს.
ექიმის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული ფოტო და ვიდეომასალის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მედიკამენტების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე უარი თქვა.
„ბატონმა პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, ყველა წამლის მიღებაზე, რომელიც მის სიცოცხლეს უზრუნველყოფდა. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი ყოველ საათში უარესდება. ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. ამიტომ, მე ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. მისი მდგომარეობა კრიტიკულზე კრიტიკული გახდება, შეიძლება რამდენიმე საათშიც.
საუბარია მისი სიცოცხლის გადარჩენაზე. ის იღებდა წამლებს, რომელიც მის სიცოცხლეს უზრუნველყოფდა, თუმცა, გუშინ ტელევიზიებში გავრცელებული კადრების შემდეგ უარი თქვა“, – განაცხადა ყიფშიძემ.