საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, შეხვდეს კონსილიუმის წევრებს და მიიღონ გადაწყვეტილება, გადაჰყავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში. მისივე განცხადებით, ასე გაგრძელება შეუძლებელია, რადგან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ამასთან, ის უარს აცხადებს №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობაზე.
„მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, შეხვდეს კონსილიუმს და გადაწყვიტონ, რას ვუშვებით ჩვენს პრეზიდენტს, გადაგვყავს საქალაქო საავადმყოფოში, თუ არა. პრეზიდენტის მდგომარეობა დღეს იყო უარესი, ვიდრე გუშინ. ერთ-ერთი მაჩვენებელი კალიუმი იყო ძალიან დაბალი, კრიტიკულ დონეზე იყო და შევძელით მისი აწევა, მაგრამ ეს მოხდა გადასხმის გარეშე, რადგან პრეზიდენტი უარს აცხადებს აქ მკურნალობაზე, მოგვიხდა ტაბლეტირებული ფორმების გამოყენება. ასევე, პრობლემები აქვს წნევასთან, მაღალი წნევა ჰქონდა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.