ახალციხეში ახალი, მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. სპორტულ კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. თითოეულ დარბაზსა და აუზს ექნება საკუთარი გასახდელები და საშხაპეები.
პროექტით გათვალისწინებულია ღია კაფესა და მცირე მაღაზიის მშენებლობა, სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი, შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქალაქ ახალციხეს მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი გარემო სპორტული აქტივობისა და სპორტის მრავალ სახეობაში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, ტურნირების ჩასატარებლად. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის არსებობა ქალაქის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წელს ქვეყნის კიდევ 3 დიდ ქალაქში – ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში – დაიწყო თანამედროვე ოლიმპიური აუზისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა.