უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ფრიდონ ინჯიამ მედიის წარმომადგენლებს გააცნო.
რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ „ევროპელი სოციალისტები“ ღრმა წუხილს გამოხატავენ უკრაინაში მიმდინარე სავარაუდო სამხედრო ესკალაციის გამო და წინააღმდეგები არიან ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების.
„უკრაინაში სამხედრო ესკალაცია საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
ვემხრობით საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის, საზღვრების ურღვეობის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებს.
ასევე, სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას გაწევრიანდეს ნებისმიერ საერთაშორისო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სამხედრო ორგანიზაციაში.
მომხრეები ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებისა და დამკვიდრების“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
„ევროპელი სოციალისტები“ კონფლიქტში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
„მიგვაჩნია, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, რაც „მინსკის ხელშეკრულებით“ და „ნორმანდიული ფორმატის“ გადაწყვეტილებების შესრულებით იქნება შესაძლებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი და მაქსიმალურად ჩაერთოს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მშვიდობიანად განმუხტვის საქმეში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 26 იანვარს, ფრიდონ ინჯია აცხადებდა, რომ „ჯერ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას უკრაინასთან მიმართებაში რეზოლუცია არ მიუღია“ – შესაბამისად, მისივე სიტყვებით, თუ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მიიღებს რეზოლუციას უკრაინასთან მიმართებაში, ეს უნდა იყოს საქართველოს სასიკეთო რეზოლუცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მხარს არ დაუჭერენ. ხოლო, დღეს, ჟურნალისტების შეკითხვაზე რამდენად მოსწონს მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, ინჯია ამბობს რომ “ოცნების” რეზოლუციას “რევიზიას” ვერ გაუკეთებს.