ზოგადად, რთულია ზუსტ სცენარზე საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნა ფართომასშტაბიანი, მაგრამ შედარებით ხანმოკლე კონფლიქტი, ასევე რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, ჩვენი პროგნოზია, რომ დაახლოებით, 10%-ით შემცირდება უკრაინის ეკონომიკა წელს და დაახლოებით, 1-1,5%-ით რუსეთის ეკონომიკა. ასევე რუბლის გაუფასურება იქნება დაახლობით, 15%, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ და გრივნას შემთხვევაში გაუფასურება გვაქვს დაშვებული დახლოებით, 30%-40%-ით, – ამის შესახებ „თიბისის“ მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია აცხადებს. მან „პალიტრანიუსის“ ეთერში სავარაუდო პროგნოზებზე ისაუბრა, თუ რა შესაძლო გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს.
„როგორც ჩვენ დავითვალეთ, ასევე წინა კრიზისების ზეგავლენა, 2014-16 წლებს თუ შევადარებთ, ძალიან მნიშვნელოვანია სასაქონლე პროდუქტების ფასები, ასევე, ნავთობის ფასი, რომელიც არ მცირდება, პირიქით, იზრდება და მეორე, ბუნებრივია სხვადასხვა სასაქონლე პროდუქტებით რუსეთზე დამოკიდებულია უკრაინა, მათი ექსპორტი. ამის გათვალისწინებით, ასეთ სცენარში და ისეთ ვითარებაში, როდესაც წინა კრიზისებისგან განსხვავებით სხვადასხვა სასაქონლე პროდუქტებზე ფასების ვარდნა არ გვაქვს, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 30%-ით შემცირდება მოთხოვნა ჩვენ საქონელსა და მომსახურებაზე უკრაინიდან, ხოლო დაახლოებით 10%-ით რუსეთიდან. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ შეძლებისდაგვარად ნეგატიურ ზეგავლენას რეგიონზე და თანხობრივად, ეს არის 240 მლნ დოლარის დანაკლისი 2022 წელს. ხაზს გავუსვამ, არა 2021 წელთან შედარებით, არამედ იმ შემოსავალთან შედარებით, რაც ჩვენ 2022 წელს უნდა მიგვეღო“,- განაცხადა ოთარ ნადარაიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.