საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას საქართველო არ აპირებს. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ტრადიციულად, წინა ხელისუფლებაზეც ისაუბრა.
„აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა გამუდმებითა და დაჟინებით ეძებდა გზებს რუსეთთან ვაჭრობის აღსადგენად და რუსეთის ბაზრის გასახსნელად. სააკაშვილმა, ომის შემდეგ, რამდენიმე ხანში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდა. ამას გარდა, ვინაიდან რუსეთის ბაზრის გახსნას ვერ მიაღწიეს, სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება 2012 წელს და ცალმხრივად გაუხსნა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მაშინ, როცა აქ გამძვინვარებული მათი ანტირუსული რიტორიკა იყო. ამის შემდეგ იმისთვის, რომ მიეღწია რუსეთის ბაზრის გახსნას, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ხელი მოაწერა. ეს პროცესი იყო გაჭიანურებული, 19 წელი დასჭირდა რუსეთს ამ სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ამ ყველაფერს ვითომ პატრიოტი სააკაშვილის ხელისუფლებამ ხაზი გადაუსვა და ჩუმად, მალულად ხელი მოაწერა. მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ მიერ წარმოებული გონივრული და ეროვნული პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, მივაღწიეთ ყველაფერს, ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და სხვა უამრავ პროგრესს. ამის პარალელურად მივაღწიეთ რუსეთის ბაზრის გახსნას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.