პოლიციამ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს. შემდეგ ბრალდებული, გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებით მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ონლაინ კაზინოს და ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, ფულს კი სპეციალური „ზერო“ ბარათის გამოყენებით ანაღდებდა.
„შ.ს.-ს დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ 14 მოქალაქეს 5 227 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.
გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
