LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰააგაში წასაღები საქმე, კუდიანებზე ნადირობა და „ოცნებისგან“ გაპარული პრეზიდენტი – გამოხმაურებები ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტზე

152
სალომე და გამოხმაურებები ოცნების გადაწყვეტილებაზე

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, ამ თემაზე სოციალურ ქსელში გამოხმაურებები არ წყდება. მათ შორის, ზოგიერთი პოლიტიკოსი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას სახალისო კომენტარით ეხმაურება.

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე „ფეისბუქში“ წერს:

„ქართული ოცნება / Georgian Dream
ჰააგაში უნდა წაგეღოთ, ჰააგაში,“ – ასე ეხმაურება ჯაფარიძე „ოცნების“ გადაწყვეტილებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა კი ასევე სოციალურ ქსელში წერს, რომ მმართველი გუნდის წევრებმა „ვერც მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში შემოპარვა გაიგეს და ვერც მეხუთეს ევროპაში მოლაპარაკებებზე გაპარვა. ჯვარი სწერია და მეოთხე ძილში რომ გაიპაროს, არ გვეცოდინება ასე 2-3 წელი.“

გარდა ამისა, უგულავა კიდევ ერთ პოსტში, ყვავილებით ხელში კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ფოტოს აქვეყნებს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს:

„რას ბაქი-ბუქობთ ტყუილად. არ გაქვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თავი. ეს კარგად იცის სალომემ და კიდევ მადლობა თქვით გინდობთ და ბოლომდე არ გასხავთ, არადა იმსახურებთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ფარატინა ქაღალდია. ოპოზიცია არ მოგცემთ ხმას. ასე რომ მოდუნდით და შეირგეთ როცა ზურაბიშვილი თავზე გიზამთ. აღარაა ოცნება ყოვლისშემძლე. ჯერ სად ხართ. მიდით იოცნებეთ იმპიჩმენტზე.“ – წერს უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე კი ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის სეზონი გახსნილად გამოაცხადა.“

„მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი (იმპიჩმენტისთვის საფუძვლის მოსამზადებელი შეკითხვით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს), ხოლო ეშმაკები არიან ოპოზიციაში, რომლებიც ეწევიან საბოტაჟს და ქვეყანაში გააქრეს შაქარი.
მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშვილი გაუყენა მარგველაშვილის გზას.“წერს რომან გოცირიძე.

„ალტ–ინფოს მოკავშირეები სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში უჩივიან, ევროპელებს შეხვდაო. ძალიან ლოგიკურია.“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „ტაბულას“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი, თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება.

როგორც ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს, „ბიძინა ივანიშვილიც შეხვდება ფრანგი პენსიონერის რანგში, პუტინის განადგურების გარდაუვალობაში რომ დარწმუნდება – ეს არ იცის მდინარაძემ ეტყობა.“

„ნაციონალურ მოძრაობასთან ყველაფერი გასაგებია – მათთვის ყველაფერი სააკაშვილით იზომება. სწორი ისაა რაც სააკაშვილს უნდა, არასწორი ისაა, რაც არ უნდა. თუ იტყვის რომ დღეა, ღამეც რომ იყოს, დღეა, მაგრამ შეიძლება თქვას მალევე რომ ღამეა და წინააღმდეგობას მის სექტაში ვერავინ დაინახავს და რომც დაინახოს, არ აღნიშნავს.

ასე რომ სალომეს ქება დიდებას არ დააკლებენ, თუ შეატყვეს, რომ მიშას შემწყალებელია – აქა, იქ სალომეზე დარდს მოვკარი თვალი და ნუ იდარდებთ – ნაცების განეიტრალება სალომეს იოლად შეუძლია, გამოუშვას სააკაშვილი და ნაცებს სულ დაავიწყდებათ სამშობლოს ღალატი, გარეჯის საქმე, სისხლიანი ბანერები და ქვეყანაზე ომის დაბრალება, როგორც გუბაზი ჩაიკრეს გულში, ისე ჩაიკრავენ. მათი სამშობლო სააკაშვილამდე შემცირდა.

p.s. ნაცებსა და ევროპულ საქართველოსაც შორის ხომ ფუნდამენტური განსხვავება ეგაა?
ნაცების პარტიული ნომენკლატურის და აქტივის სამშობლო არის მიშა სააკაშვილი – ეგაა იდეა.
ჩვენი სამშობლო საქართველოა და იდეა – ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული რესპუბლიკა! თითოეული მოქალაქის თავისუფლება, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება.“ – აღნიშნავს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g