საქართველოს, საფრანგეთს და იტალიას აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კონგრესის დელეგაცია ქვეყნებს მიმდინარე კვირაში ეწვევა.
დელეგაციის ვიზიტს აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი უხელმძღვანელებს.
საელჩოს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ კეისი, კონგრესმენი სტეფან მერფი, კონგრესმენი ქეითლი რაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.
“დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება.
დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდპანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა”, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩო სენატორ კუნსის კომენტარსაც ავრცელებს:
“ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად”, – ამბობს სენატორი.