ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყის ნაწილის იჯარით გადაცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც ფანჯიკიძე წერს, როცა ტყის მესამედი ერთი ადამიანის ხელში ხვდება, აუცილებელია საჯარო იყოს ინფორმაცია, თუ რას გეგმავს მეიჯარე.
“რადიკალურმა ნაც-ქოცობამ და სანდო ადამიანების მწვავე დეფიციტმა რა ქმნა იცით? თუ რამე ძალიან ცხადი და მკაფიოდ კარგი არაა, რა არის ძალიან ცუდი და რა ისერა ცუდი, ვეღარ ვერკვევი მარტივად, ვეღარც სერიოზულ გამოძიებას ვატარებ ყველაფერზე და მკაფიო აზრის გაფორმება, რომელიმეს მიერ მანიპულაციის მსხვერპლობის შიშით აღარ გამომდის.
აი მაგალითად, მესამედი რაჭა ერთ კაცს რომ მიჰყიდეს, ხომ გაიგეთ? ეს კაცი რუსებზე მეტად რუსიაო, ნაცებმა. გამისკდა გული და შევკივლე. პასუხად გამოდეს ქოცებმა ბიოგრაფია – დასავლურ ფონდებში და კომპანიებში უმუშავია ამ კაცსო, არც ისე რუსია, როგორც ერთი შეხედვითო. დავიბენი. რატომ მიყიდესმეთი? ბიზონებს მოაშენებს რაჭის ტყეშიო. ბიზონები და ფაუნა მიყვარს, მოგეხსენებათ, მაგრამ რად გვინდა ბიზონებიმეთქი, ისევ დავიბენი და მერემეთქი? მერეო, რომ მოაშენებს, თოფიანი კაცები მოვლენ და იმ ბიზონებს დახოცავენო, ნადირობა ჰქვია ამ სპორტსო, კარგი, მაგის დედავატირე-მეთქი.
საბოლოოდ, კარგია ეს რაჭისთვის, თუ ცუდი, ვეღარაფერი გავიგე და ახლა დარწმუნებით იმაზე ვარ აღშფოთებული, ასე იაფად რომ გაგვყიდეს. მილიონ ლარად! რაჭის მესამედი მილიონ ლარად. ისე ვართ გამათხოვრებული, მილიონი ხმამაღლა შეიძლება ჩაესმას ვინმეს, თუნდაც ლარი, მაგრამ მილიონი ლარი ამ მდიდარი კაცების სააგარაკო სახლის ერთი სართულის ფასზე ნაკლებია. ძვირად რომ ეყიდა და ის თანხა რაჭის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარებოდა, კიდევ ერთხელ დავიბნეოდი, მაგრამ რაღაც კარგიც გახდებოდა ხილული. ხოდა, რას ფიქრობთ რაჭველები? მესამედი ტერიტორია როცა ერთი ადამიანის ხელში ხვდება, ძალიან დაწვრილებით არ უნდა იყოს ცნობილი, რას მოიტანს ეს, ვისთვის მოიტანს, რას ავნებს და ა.შ.? ფაქტებში გარკვევა ადვილი საქმე არაა და რას ამბობს რაჭული გული და ინტუიცია? დავიღუპეთ თუ მაგის დარდი არა გვქონდეს?”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.