იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო ყოველთვის მოქმედებს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე.
„საზოგადოებისთვის ცნობილია და ამის შესახებ გასული დღეების განმავლობაში მრავალჯერ ვისაუბრეთ, რომ მსაჯვრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა.
თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად, უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე. ასევე იგი საკვებსაც იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ბუნებრივია, საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.