26 ივნისს ქალაქ მარნეულში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, გადარჩენილი ჩვილი, თბილისში კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ექიმების შეფასებით, ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რასაც კიდევ უფრო, მისი მუცლად ყოფნის დროს, განვითარებული გულის მძიმე ანომალიაც ემატება. კლინიკის კარდიო-რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის თქმით, ექიმები მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან, რათა პაციენტზე შემდგომი სამედიცინო ჩარევების საკითხი დაიგეგმოს.
“ძალიან მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში, სიმძიმეს განაპირობებს ისიც, რომ უბედური შემთხვევის შედეგად, მას შემდეგ რაც დედის გული გაჩერდა, ბავშვის გულიც გაჩერდა. საკეისრო კვეთისას ბავშვი რეალურად გულგაჩერებული ამოიყვანეს. ყველაფერთან ერთად აღმოჩნდა, რომ ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდში, განუვითარდა გულის განვითარების მძიმე ანომალია, რასაც ჩვენ მაგისტრალურ სისხლძარღვთა ტრანსპოზიციას ვუწოდებთ.
ეს მანკი ზოგადად არის რთული, ოპერაციის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ამჟამად მდგომარეობა არის ძალიან კრიტიკული სისხლის მიმოქცევის მხრივ და თავის ტვინის მხრივ. გულის გაჩერება იწვევს თავის ტვინის დაზიანებას, ამ წუთს ოპერაციული ჩარევა არ იგეგმება. ველოდებით მდგომარეობის დასტაბილურებას.
ყველაზე მეტად, მისი ნევროლოგია მაღელვებს. რა ხარისხის დაზიანება მიიღო თავის ტვინმა, მას შემდეგ, რაც მისი სისხლის მიმოქცევა შეწყდა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან შეიძლება ოპერაცია წარმატებული იყოს, მაგრამ ბავშვის ნევროლოგიური სტატუსი შეიძლება არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდეს გულის გაჩერების გამო”. – თქვა ბიბილაშვილმა
უბედური შემთხვევის დროს დაზარალებული, კიდევ ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩაზე, აივნის ნგრევის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი ორსული. ექიმებმა, გარდაცვლილი ორსული ქალის, ჩვილის გადარჩენა შეძლეს.
წყარო: marneulifm