LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის სამედიცინო ისტორია გაყალბებულია

972
ing (2)

გასული წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდზე მკურნალობის შემდეგ გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის – ვახტანგ ჩარკვიანის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის სამედიცინო ისტორია გაყალბებულია.

კორონავირუსს 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი ემსხვერპლა

გარდაცვლილის მამა გაიოზ ჩარკვიანი ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” საუბრობს და აღნიშნავს, რომ რეგულირების სააგენტომ რესპუბლიკური საავადმყოფოს 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

გაიოზ ჩარკვიანი იმ დარღვევებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, 20 წლის პაციენტის მკურნალობის პროცესში ექიმებმა ჩაიდინეს და აღნიშნავს, რომ მის შვილს აკრძალულ პრეპარატს არასწორად უკეთებდნენ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რეგულირების სააგენტოდან მოვიდა შუალედური დასკვნა, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით 11 პუნქტში ედება ბრალი.

“ფორტუნა” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაუკავშირდა.

როგორც საავადმყოფოს პრესსამსახურში განგვიცხადეს, დასკვნის შინაარსის შესახებ ჯერჯერობით მათთვის ცნობილი არ არის:

“დაიდება დასკვნა და ჩვენც გავეცნობით. ეს დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არ არის და როცა იქნება, გასაჯაროვდება, როდესაც რეგულირების სააგენტო შესაბამის საკითხს გაასაჯაროებს და გამოიტანს, შემდგომ ჩვენც გაცნობებთ”, – განუცხადეს “ფორტუნას” რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში.

რაც შეეხება ვახტანგ ჩარკვიანის მამის განცხადებას და კონკრეტულ დარღვევებს – ის “ინტერპრესნიუსთან” აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ტყუილად არ გარდაცვლილა, მისი თქმით, ის ჯალათი ექიმების მიერ იქნა მოკლული და რომ ყველა ექიმი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს:

“რეგულირების სააგენტოს მივმართეთ ლიცენზიების საკითხთან დაკავშირებით, აგრეთვე, მივმართეთ, ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო ისტორიასთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ამ ეტაპზე რეგულირების სააგენტოდან შუალედური დასკვნა მოვიდა, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით 11 პუნქტში ედება ბრალი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. არაერთი საკითხია დასადგენი, კიდევ ბევრი დოკუმენტაცია და დასკვნა მოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას სჩადიოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია და მედპერსონალი. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო ისტორია გაყალბებული და გადაწერილი იყო.

ერთ-ერთ სერიოზულ ინსტიტუტში გრაფიკულ-კალიგრაფიული დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარეთ. გვარებით და სახელებით არის გადმოცემული, თუ ვინ, რა დანაშაული ჩაიდინა, უბრალოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ვინაობას მოგვიანებით გავასაჯაროებ. სამედიცინო ისტორიის სავარაუდო გაყალბებასთან და ისტორიის გადაწერასთან გვაქვს საქმე, თუ რისთვის დასჭირდათ ეს, ამას გამოძიება დაადგენს. ეს ყველაფერი, რაც ისტორიაშია, გადაწერილია და ხელმოწერებიც გაყალბებულია, თითქოს, ესა თუ ის დანიშნულება ეძლეოდა ჩემ შვილს. გაყალბებული ისტორიიდანაც გვაქვს რეგულირების სააგენტოს დასკვნა, სადაც 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხია დამდგარი. რეგულირების სააგენტომ დაადგინა ექიმების მხრიდან გადაცდომის, შეცდომის, დაუდევრობის, გულგრილობის თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, სადაც თეთრზე შავად არის დაწერილი, რომ 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხია დამდგარი. ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს მათი პასუხისმგებლობის საკითხს, რაც ლიცენზიის ჩამორთმევას, ექიმობის შეწყვეტას და ა.შ. გულისხმობს. ამ ექიმების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლითაც უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა.

10 თვეა, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა. ერთ-ერთმა კეთილსინდისიერმა ექიმმა ჩვენება მისცა, ის სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდა, მან ძალიან ბევრი შემაშფოთებელი ფაქტი დაადგინა.

მათ შორის, ჩემ შვილს არასწორად უკეთებდნენ აკრძალულ პრეპარატს, ის მედიკამენტი, რომელიც ვახტანგ ჩარკვიანს კლინიკაში უკეთდებოდა, პნევმონიის დროს აკრძალულია, ეს გახლავთ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 10-ჯერ აღემატება ჰეროინების ჯგუფს, ამას დამატებული მორფინი და კიდევ სხვა მედიკამენტები, რომელიც სასუნთქ ორგანოებს თრგუნავს და შესაძლოა, პაციენტის კომაში ჩავარდნა გამოიწვიოს, ამისთვის ნარკოლოგის კონსულტაცია იყო საჭირო. გადასხმები ინფუზიის წესით არასათანადოდ გააკეთეს, როგორ გაუძლო ამ ადამიანმა ამ ყველაფერს 19 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, არ ვიცი. გარდა ამისა, ჩვენც არაფერს გვეკითხებოდნენ, არსებობს მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გამოიყენონ. ადვოკატებმა გამომძიებელს მივმართეთ, რომელიც ამ საქმეს გულისხმიერად მოეკიდა, ისინი ექსპერტიზას დანიშნავენ, ექსპერტებთან არაერთი კითხვა დაისმება, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება ესეც – შეეძლო თუ არა, გადამეტებული დოზით გაკეთებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ის შედეგი გამოეწვია, რაც ჩემი შვილის მიმართ დადგა.

საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ტყუილად არ გარდაცვლილა, ჯალათი ექიმების მიერ იქნა ჩემი შვილი მოკლული, ყველა ექიმი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს, ამით ჩემი შვილი ვერ დამიბრუნდება, მაგრამ მისი სული მოისვენებს, ამასთან, საზოგადოებისთვის ნათელი იქნება, იმ ექიმთა ვინაობა, რომელთაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვით.

გარდაცვალებამდე სახეზე, მხარზე, მუხლზე ნაიარევი, ასევე ჰემატომები ჰქონდა. ჩემი მეუღლე რეანიმაციაში შევიდა, შვილისთვის სურათების გადაღება მოვახერხეთ. მანამდე ვიდეოთვალით ვესაუბრებოდით მას და ეს დაზიანებები არ ჰქონია, როცა აპარატზე შეაერთეს, დაზიანებები გაუჩნდა. არ ვიცი, ალბათ, ვიღაცამ ჩემი შვილი ფიზიკურად შეურაცხჰყო. ერთ-ერთ მოწმეს ჩვენება აქვს მიცემული, რომლის მიხედვითაც, როცა ჩემი შვილის გაპატიოსნება ხდებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისმა მეგობრებმა იკითხეს, თუ რა დაზიანებები ჰქონდა ვახტანგ ჩარკვიანს. კლინიკაში მათ უთხრეს, რომ ეს „ნაწოლი“ იყო, ყველას მოგვეხსენება, რომ ერთი თვის დაწოლილ პაციენტს, რომელსაც სხვადასხვა მხარეს აწვენდნენ, „ნაწოლი“ არ უჩნდება, ეს სრული აბსურდია”, – აცხადებს გაიოზ ჩარკვიანი და ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ჯერ არ მიუღია.

შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 სექტემბერს გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა, მისი ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.

magti 5g