LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძემ შვეიცარიაში ვიზიტი შეაჯამა: ეს საუკეთესო მაგალითები უნდა გადმოვიტანოთ.. პირადად მე, არაფერს დავიზარებ, რომ ულამაზეს თბილისში ყველაფერი საუკეთესო გაკეთდეს

160
კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნა. ინფორმაციას თბილისის მერიამ გაავრცელა.

სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას დედაქალაქის მერმა ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმის შესახებ და სხვადასხვა ურბანულ საკითხზე, მათ შორის, ნარჩენების მართვის მიმართულებით შვეიცარიული გამოცდილების გაზიარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კახა კალაძე შვეიცარიაში გადაღებულ მორიგ ფოტოებსა და ვიდეოს გვიზიარებს: „მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ქალაქებს შორის“

„ბერნი ულამაზესი ქალაქია, ყველანაირად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, ძალიან მწვანე. ზოგადად, შვეიცარია განვითარებული ქვეყანაა თავისი ქალაქებით.

ბერნთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული, სატრანსპორტო მიმართულება, კულტურა, სპორტი და განათლება, ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებებით ბერნს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს და მისი გაზიარება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვქონდა შესაძლებლობა, შვეიცარიაში საქართველოს ელჩთან და ბერნის მერთან ერთად, გაგვეხსნა საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა.

1918 წელს შვეიცარიამ საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა და 1918-1920 წლებში ბერნში საქართველოს პირველი საელჩო გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენმა საელჩომ მოიძია ის შენობა-ნაგებობა, იყო კომუნიკაცია მის მფლობელთან, რომელმაც მემორიალური დაფის განთავსებაზე თანხმობა განაცხადა. ბერნში ვინც მოხვდებით, იცოდეთ, რომ არსებობს ქუჩა, სადაც საქართველოს პირველი საელჩო იყო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ვიდეოჩართვაში ბერნის მიწისქვეშა სადგურის მშენებლობის პროექტს შეეხო და ის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ პროექტად დაასახელა. როგორც მერმა აღნიშნა, თბილისის განვითარებისთვის ბერნისა და სხვა ევროპული ქალაქების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება და ის ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ძალიან შთამბეჭდავი იყო მიწისქვეშა სადგურის მშენებლობა, რომელიც ქალაქის ცენტრშია. ახალი სადგურის მშენებლობის სამუშაოები, დაახლოებით, 20 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. ამ პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სამუშაოების პარალელურად, მიწის ზემოთ ეს სადგური ჩვეულებრივ ფუნქციონირებს და მგზავრებს ემსახურება.

ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც დავათვალიერეთ, არის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. გავეცანით, თუ რა სისტემით ხდება ბერნში ნარჩენების მართვა და მერთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ამ სფეროში ექსპერტებითა და სპეციალისტებით დაგვეხმარებიან. ჩვენ ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება.

შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა მოვახერხოთ ჩვენი ულამაზესი ქალაქის განვითარება და ეს საუკეთესო მაგალითები ევროპული ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ. პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, არაფერს დავიზარებ, რომ ულამაზეს თბილისში ყველაფერი საუკეთესო გაკეთდეს, იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გვქონდეს ბევრი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული გამზირები, ქუჩები. ცხადია, უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ენთუზიაზმი გაგვაჩნია იმის, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g