ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებას რუსული მედია ეხმაურება.
წერენ, რომ “მიმინო“ გაფრინდა. მედიაში ვრცელდება მომღერლის მეგობრების კომენტარები.
მომღერალ სოსო პავლიაშვილის განცხადებით, კიკაბიძე დიდი საბჭოთა მსახიობი იყო. მისი თქმით, მან ფილმებში აჩვენა თავისი საუკეთესო ადამიანური თვისებები.
„ეპოქა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დროს, უკეთესი, ლამაზი, სულიერი გახადა, წავიდა“, – განუცხადა პავლიაშვილმა Gazeta.ru-ს.
“ის იმ ეპოქის კაცი იყო, როდესაც სიკეთეს, მეგობრობას, წესიერებას აფასებდნენ. ყოველთვის მაოცებდა მისი სამუშაო ეთიკა, მისი გულწრფელობა. მახსოვს, როგორ თბილად მეპყრობოდა. ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, – ეს ის ფენომენებია, ვისთან ერთადაც დავიწყე და ამის შემდეგ უკვე შევქმენი ჩემი. ბუბაზე უკეთესი სადღეგრძელო არ ვიცოდი.
მისი ღიმილი ყოველთვის იქნება ჩემს გულში, ჩემ თვალწინ. სამძიმარს ვუცხადებ არა მარტო ქართველ ხალხს, არამედ საბჭოთა, რუსულენოვან ხალხსაც“, – დასძინა პავლიაშვილმა.
კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა:
“კიდევ ერთი შეუცვლელი დანაკარგი. რა დღეებია… ჩვენი ძვირფასი ვახტანგ კიკაბიძე წავიდა უკეთეს სამყაროში. დიდი ნიჭის და ღირსების კაცი. ახლა საქართველოში უნდა გვენახა ერთმანეთი. უღრმესი სამძიმარი ჩემგან და ალასგან ოჯახსა და მეგობრებს,“ – წერს გალკინი.
„ბოლო ათი წელია უკვე დიალიზზეა. როგორც ჩანს, მისი სხეულის რესურსები საბოლოოდ ამოიწურა. ის რეანიმაციაში გარდაიცვალა“, – ამბობს ბუბა კიკაბიძის მეგობარი ნანა კელაპტრიშვილი.
მისი თქმით, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. თუმცა მომღერლის გულმა ვერ გაუძლო.
“ახლა საავადმყოფოში ვართ. ჩვენს მდგომარეობა სიტყვებით ვერ გადმოვცემთ. ეს არის უზარმაზარი მწუხარება. ვახტანგი მძიმე წუთებს გადიოდა. გასტროლებზეც კი იძულებული ხდებოდა, ყოველ მეორე დღეს დიალიზი გაეკეთებინა. მხოლოდ სცენაზე გრძნობდა თავს კარგად“, – ამბობს კელაპტრიშვილი.
„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან