„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომან გოცირიძე „ხალხის ძალის“ განცხადებას პასუხობს, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილის „პატრონები“, რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და „გარკვეული ძალები“ არიან.
გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში აღნიშნულ განცხადებას აბსურდული და საშიში უწოდა. მისივე თქმით, „თუ უშვებენ იოტის ოდენად იმ ფიქრს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის რაიმე ფორმით ან გუშინდელი განცხადებების მსგავსად გამართლება შეუძლიათ, ეს არის წარმოუდგენელი შეცდომა“.
„ფაქტია, რომ ასეთი რისკები არსებობს“ – გიორგი კახიანი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე
„ნუ ეშმაკობენ, ახალ-ახალ არგუმენტებს ნუ იგონებენ, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესთან. მრავალწლიანი, 20-30 წლიანი გამოუვალი კრიზისი იქნება საქართველოში, ვერ გაიხარებს ვერც ივანიშვილი და ვერც მისი გარემოცვა. რა ევროპა და რა დასავლეთისკენ სვლა, საქართველოში იქნება სიძულვილისა და ანტაგონიზმის მრავალ ათწლიანი პერიოდი. ამიტომ დაფიქრდნენ პრაგმატულადაც და დაფიქრდნენ ქვეყნის ბედზეც. ეს არის პასუხი იმაზე, რა განცხადებაც მათ გუშინ გააკეთეს“, – აღნიშნა გოცირიძემ.
ამასთან, როგორც გოცირიძემ განაცხადა, სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში, ივანიშვილი ვერ გაასწრებს საქართველოდან.
„ივანიშვილი ვერ გაასწრებს საქართველოდან, შეიძლება ივანიშვილმა გაასწროს მას ვერტმფრენი ჰყავს, ჩაჯდება და გადაფრინდება ცხინვალში, მაგრამ, აი, ეს ჩლუნგები, რომლებიც ამას ახმაურებენ, მართლა ვერ გაასწრებენ. ეს იქნება კატასტროფული“, – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
გარდა ამისა, გოცირიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარესაა. ენმ-ს დეპუტატის თქმით, ივანიშვილმა გადაწყვიტა დასავლეთს რუსეთის ზურგით შეუტიოს.
„ნელ-ნელა მოუჭირა [ივანიშვილს] ყელში ყულფმა, აგერ, უკრაინაში დასანქცირებულია მისი ოჯახის წევრები, ოლიგარქად მოხსენიება, ოლიგარქის კანონის მიღება პარლამენტში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მოთხოვნაა. მისი დასანქცირების ორი რეზოლუცია, და მან გადაწყვიტა, რომ მოდი მე ახლა შევუტევ რუსეთის ზურგით დასავლეთს და მე ავიყვან საქართველოს მძევლად. ჯერ უკრაინას ზურგი შეაქცია, არ არიან სოლიდარულები და მე წავალ რუსეთისაკენ და რეალურად ასეც მოხდა ამ პროცესში, ის რუსეთის მხარესაა ამ ომში“, – აღნიშნა გოცირიძემ.
ამას გარდა, გოცირიძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გუშინ, „ქართული ოცნების“ დეპუტატს ირაკლი ზარქუასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს შორის მომხდარი ინციდენტის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ძალიან პრიმიტიული და არამორალური ნორმებია რაც ჩვენს პოლიტიკაში მკვიდრდება“.
„სიმწვავე, ხმამაღალი საუბარი, პოპულიზმი ყოველთვის იქნება პოლიტიკისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ზღვარი უნდა იცოდე. ამ ზღვარს როდესაც გადასცდები, შენ პატივს არ სცემ ხალხს, ვინაიდან ეკრანს უყურებს მილიონობით ადამიანი“, – დასძინა გოცირიძემ.