იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
მისივე თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი უარს აცხადებს პარენტერალურ კვებაზე თუ, მისი გადაყვანა არ მოხდება რეანიმაციულ განყოფილებაში.
“კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება, არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.
პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, მოგეხსენებათ, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო.
ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ნევროლოგი: თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვემოთ ჩამოვა, მოკვდება
დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი