„ევროპარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასების დროს განაცხადა.
მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა განცხადებებს, რომლებიც აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთეს.
„კობახიძემ თქვა, ამან საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭო გაგვახსენაო, მეორე სპიკერი თალაკვაძე საუბრობდა ევროპარლამენტმა ევროპას უღალატაო, ძალიან აჭრილი და არეულია მათი სასაუბრო მესიჯბოქსი.
არადა ევროპელებს აქვთ მარტივი გზავნილი: თუ გინდათ ევროპა, ისწავლეთ ევროპულად მოქცევა, აი, ამას ითხოვენ, რომ ადამიანი არ იქნეს მოკლული საპატიმროში იმის გამო, რომ არ მოსწონს ვიღაცას და ადამიანი, რომელსაც აქვს არაფორმალური გავლენა, იყოს სანქცირებული.
რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ვისმენ, ამ განცხადებების შემდეგ, სამწუხაროდ, ზეზვა და მზია უფრო ევროპელები გამოდიან, ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე. რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ „თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი“, მას ევროპა ისედაც აქვს, თმას მილანში შეიჭრის, კომოს ტბაზე დაისვენებს, ევროპულად იმოსება და ევროპული მანქანით დადის, დოლარები უყვარს და ევროები, რომელსაც ევროპაში ინახავს, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ რა გააკეთოს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ჭაობისთვის და სიღარიბისთვის გაიმეტა?“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისათვის, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია გუშინ მიიღო. მას მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ტესტია საქართველოს მთავრობისთვის ვალდებულების ევროპული ღირებულებისა და მისი გაცხადებული ევროპული მისწრაფებისთვის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის.
ამავე თემაზე:
„ვინც იტყვის რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ნუ მოგვცემენ, არის მოღალატე“ – რომან გოცირიძე
ვიოლა ფონ კრამონი: 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა
„თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ – კუბილიუსი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს