LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაზი, ფერია გოგონა იყო.. პანდემიის დროს, ოჯახი ერთი წელი ლიეტუვაში იყო, მაგრამ დედამისს უნდოდა, შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ“ – რას ამბობს გარდაცვლილი მოზარდის პედაგოგი

588
Untitled design (2)

12 წლის ანი, რომელსაც დიდ დიღომში 16 მარტის ღამიდან ეძებდნენ, მოგვიანებით კი გარდაცვლილი ნახეს, 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

გარდაცვლილი არასრულწლოვნის შესახებ მისი პედაგოგი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

როგორც ანის მასწავლებელი ამბობს, პანდემიის დროს, მოზარდის ოჯახი ერთი წელი ლიეტუვაში იყო, მაგრამ დედას უნდოდა, რომ შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ:

„არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, შოკირებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ანი ჩემი მოსწავლე იყო, გამხდარი, სიფრიფანა და საყვარელი გოგონა. ინგლისურში ვამეცადინებდი. ჩემთან სახლში დადიოდა, გუშინ, 6 საათზე, ჩემთან უნდა მოსულიყო გაკვეთილზე, მაგრამ არ მოვიდა, მანამდეც რამდენჯერმე გამიცდინა გაკვეთილი და დედამისს ვუთხარი, როცა არ მოვა, წინასწარ მაცნობე-მეთქი.

გუშინ აღარ დამირეკავს, ვიფიქრე, დაავიწყდა გაკვეთილი რომ ჰქონდა-მეთქი. კვირაში ორჯერ მოდიოდა და ზოგჯერ ერეოდა დღეები. რომ არ მოვიდა, 19:20-ზე ჩემი შვილი ეზოში ჩავიყვანე სასეირნოდ და ვიფიქრე, ანიც შემხვდება ქუჩაში და ვკითხავ, რატომ არ მოვიდა-მეთქი. ჩემთან ახლოს ცხოვრობდა, მერვე კორპუსში. ხშირად, ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს.

ანის მამა ლიეტუველი ჰყავს, დედა – ქართველია. ნახევრად ლიეტუველი რომ არის, უცხო გარეგნობა ჰქონდა. ძალიან ნაზი, ფერია გოგონა იყო. გაკვეთილიდან სახლში რომ მიდიოდა, რამდენჯერმე გავაფრთხილე, სადარბაზოში უცხოებს არ შეჰყვე-მეთქი, რატომღაც სულ ვაფრთხილებდი და როცა სახლიდან ვუშვებდი, სანამ ლიფტში არ შევიდოდა და ეზოში არ გავიდოდა, სულ ვუყურებდი ხოლმე. უცხო გარეგნობის იყო და ვფიქრობდი, ამ ბავშვს ვინმემ თვალი არ დაადგას-მეთქი.

სამწუხაროდ, უსაფრთხო გარემო არ არის და ადამიანს ყველაფრის გეშინია.

25 იანვარს 12 წლის გახდა, საოცარი დაბადების დღე გადაუხადა დედამისმა. ანი ისეთი ლამაზი იყო, წარმოუდგენელია, მასზე „იყო“ როგორ უნდა ვთქვა, წარსულში როგორ მოვიხსენიო..

ეზოში მამამისი შემხვდა, მაგრამ არ დავუნახივარ და ამიტომ ვერ შევძელი მასთან გასაუბრება. სპორტსმენი კაცია, სპორტ-კლუბი ჰქონდა ლიეტუვაშიც და აქაც სულ ვარჯიშობს. გუშინ ბენიამინი არ გამიჩერებია, დარბოდა და როგორც აღვნიშნე, ვიფიქრე, ანის გადაავიწყდა გაკვეთილი რომ ჰქონდა-მეთქი. მამას ის სულ ჩამოჰყავდა ეზოში, თვითონ ვარჯიშობდა, ანი კი ძაღლს ასეირნებდა-ხოლმე. 8 საათი ხდებოდა სახლში რომ ამოვედი, ბავშვი დავაძინე, ტელეფონი არ მქონდა საძინებელ ოთახში და გვიან რომ შევედი სოციალურ ქსელში, ანის სურათი ვნახე და ასე გავიგე, რომ ბავშვს ეძებდნენ. დედამისს მივწერე, რა ხდება-მეთქი, მაშინ ბავშვი ნაპოვნი არ იყო, მერე ეს შემზარავი ამბავი გავრცელდა.

„ვერ ვუშველეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი“ - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის ბაბუა მომხდარის ვერსიებზე საუბრობს

„ზოგი ამბობს, ყელზეც ჰქონდაო დაზიანებები, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. მე რომ მოვედი, თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ..­“ - აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.

დედამისმა მომწერა – ანი მომიკლესო.. როცა ველაპარაკე, ექსპერტიზაზე ჰყავდათ გადაყვანილი. დედამისს ჯერ არ შევხვედრივარ, პატარა მყავს და წუხელ გადასვლა ვერ მოვახერხე. ძალიან მიჭირს მასთან შეხვედრა. შოკირებული ვარ, წარმოუდგენელი ამბავია, მთელი ღამე გავათენე.

დაზიანებები აქვსო, ამბობენ, ნაკაწრები, არის ვარაუდი, რომ მოგუდეს. ყველაფერი ექსპერტიზით გაირკვევა, არ ვიცი, რეალურად რა მოხდა. ბავშვის სახლიც იქვე არის, უბანშია ნაპოვნი, მერვე კორპუსში ცხოვრობენ, გზაზეა მათი კორპუსი, გზის მეორე მხარეს არის სკვერი, სკოლაც არის, რაგბის სტადიონი, სახლს აშენებენ და იქვე ბილიკებია. ეს ბავშვი ცეკვაზეც დადიოდა, არ ვიცი, რა ვიფიქრო, შეიძლება ვინმეს ჰყავდა დანახული და ჩაუსაფრდა. ის გზა ცეკვის გზაც იყო. ლიეტუვურსაც სწავლობდა, რუსული კარგად იცოდა..

ეზოში იქვეა პატარა ტერიტორია, გამოუყენებელი, რომელიც შემოსაზღვრულია და იქ იპოვეს. ველოდებით, რას დაადგენს გამოძიება..

186-ე სკოლის მოსწავლეა, პანდემიის დროს, ერთი წელი ლიეტუვაში იყო ოჯახი, მაგრამ დედამისს უნდოდა, შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ. დედას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს და დებს საოცრად უყვარდათ ერთმანეთი. საქართველო უყვარდათ“, – ამბობს პედაგოგი.

ცნობისათვის, 12 წლის მოზარდი 16 მარტს, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

ამავე თემაზე:

„სახეზე მიწა ჰქონდა.. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები?“ – რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ბებია

მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია: „საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა“

ლევან იოსელიანი გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე: სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს, აუცილებელია მართლმსაჯულების აღსრულება

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

ტორესა მოსი 12 წლის გოგონას გარდაცვალებაზე: „დღეს მეც მომიკლეს შვილი, რადგან არ არსებობს სხვისი შვილი, ყველა ბავშვი ამ ქვეყნად ჩემი შვილია…“

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

იზა ომაძე: „ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი აფრინდა.. ღმერთო გააძლიერე მშობლები..“

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები