დასჯა-წახალისება მეთოდი ბავშვის აღზრდაში – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა მარი გოგიაშვილმა ისაუბრა.
რა ფორმით უნდა იყოს გამოყენებული დასჯის მეთოდი აღზრდაში?
ბავშვის აღზრდა რთული პროცესია. უფროსი ადამიანები, როდესაც ბავშვის ქცევის მართვისთვის იყენებენ ფიზიკურ დასჯას, ეს უარყოფით გავლენას ახდენს მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასეთი მიდგომა არ ცვლის ბავშვის ქცევას. გარდა ამისა, დასჯა უარყოფით გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, რომელმაც მომავალში შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, ფიზიკური დასჯა იწვევს მთელ რიგ ემოციებს, როგორიც არის: ბრაზი, აგრესია, სირცხვილი, წყენა, თვითდანაშაულისა და უსამართლობის განცდა. რაც მთლიანობაში გავლენას ახდენს მის თვითშეფასებაზე.

თვითდანაშაულის განცდა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განცდა ასეთ დროს ბავშვს მუდმივად აქვს და მომავალშიც მიყვება სურვილი, რომ კი არ შეცვალოს ქცევა არამედ აპატიონ, იქნება ეს მშობელი, მასწავლებელი, მეგობარი, პარტნიორი თუ სხვა ადამიანი.
გარდა ამისა უყალიბდება შეხედულება რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, არავინ არ უნდა ენდოს, რომ მისი არ ესმით და საერთოდ ისინი ძალიან ცუდები და ბოროტები არიან. შესაბამისად, ასეთი არაცნობიერი ფიქრებით ის ისევ „ცუდად“ იქცევა, რადგან მაინც ცუდი ადამიანია. ხშირად ბავშვებს ასეთ ფიქრებთან და განცდებთან გამკლავება უჭირთ და იმიტომ რომ გადალახონ ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ აუტოაგრესიას. მომავალში ყალიბდება ნევროზი და სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადებები. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, დასჯა არ ცვლის ქცევას, პირიქით, ბავშვი ასეთ დროს მუდმივად ცდილობს დაფაროს თავის ქცევა და იწყებს ტყუილის გამოყენებას (ანუ თავიდან ირიდებს სასჯელს), ვერ სწავლობს პასუხისმგებლობას.
ბავშვები მოდელირებით სწავლობენ, როგორც კი რაიმე პრობლემა შეექმნება დასთან, ძმასთან, თანატოლებთან იგივე გზებით ეცდება პრობლემის გადაჭრას. მშობელი უნდა დააკვირდეს საკუთარ თავს, რთულ პრობლემურ სიტუაციებში როგორ იქცევა, როგორ აგვარებენ უფროსები ერთმანეთში ურთიერთობას, ზუსტად იგივე სქემით მოქმედებს შემდგომში ბავშვი, თუნდაც იგივე მშობელთან ურთიერთობისას.

პოზიტიური აღზრდა რას გულისხმობს?
ყველაზე ეფექტური პოზიტიური აღზრდაა, რაც გულისხმობს მთელ რიგ მიდგომებს: შექებას, მოწონებას. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მას ენდობიან. მშობელი უნდა შეეცადოს, რომ უფრო მეტი წახალისება და ნაკლები დასჯა იყოს მის ცხოვრებაში.
თუ კონკრეტული მაგალითები გჭირდებათ :
5 წლამდე ასაკის არის სასურველია ტაიმ აუტების გამოყენება, თუ ძალიან გაღიზიანებულია, წაიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც მშვიდი გარემოა. ცუდი ქცევის დროს, შეზღუდეთ სასურველი ნივთის გამოყენება, სანამ სასურველ ქცევას არ მიიღებთ.
უფრო დიდ ასაკში კარგად მოქმედებს მოლაპარაკებები, არასასურველი ქცევის ახსნა, რატომ არის ეს ქცევა მისთვის და გარშემომყოფებისთვის დამაზიანებელი. მნიშვნელოვანია ქცევაზე გაკეთდეს აქცენტი და არა პიროვნებაზე.
