5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 4 ქართველი მოსამართლის – მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ განცხადება გაავრცელა.
განცხადებას, რომ დეპარტამენტი ახდენს მოსამართლეების საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო, საქართველოში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი განცხადებები მოჰყვა.
სანქცირების დეტალებზე „ამერიკის ხმასთან“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ანონიმურად საუბრობს.
როგორც წყარო განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება ვიზის შეზღუდვაა და ეს არ არის სანქცია:
„ტექნიკურად, ეს სანქციები არაა, ეს ვიზის შეზღუდვაა, მათ შორის განსხვავებაა. მაგალითად, მაგნიტსკის გლობალური აქტის სანქციები, რომელიც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს აქვს მიღებული, ფინანსურ სასჯელსაც გულისხმობს. სანქციებს შეუძლიათ გაყინონ ასეთები, დაბლოკონ ფინანსური გადარიცხვები ამერიკის მოქალაქეს, კომპანიებსა და სანქცირებულებს შორის და ა.შ. ეს მხოლოდ ვიზის შეზღუდვებია“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ექსპერტი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ოთხი ქართველი მოსამართლის და მათი ოჯახებისთვის ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის და ის საქართველოს დასჯად არ ისახავს მიზნად.
„პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვიზის შეზღუდვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის. როგორც ჩემი კოლეგები დაადასტურებენ, როდესაც სახელმწიფო მდივანს სანდო ინფორმაცია აქვს უცხოელი თანამდებობის პირების მიერ მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის შესახებ, ჩვენი კონგრესი გვავალდებულებს, რომ ამ პირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა ავუკრძალოთ“, – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
მედიასთან საუბარში წყარო ამბობს, რომ შეზღუდვები მოსამართლეებს დაუწესდათ, რადგან ისინი „ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ეს დაკავშირებულია მათ ახლანდელ, ან ყოფილ პოზიციებთან.
„მათმა კორუფციულმა ქმედებებმა, ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, შესაბამისად საფრთხე შეუქმნა საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატოსკენ..
ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
როგორ აფასებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში – ვრცლად წაიკითხავთ აქ ➡ მოსამართლეების სანქცირება