„ირაკლი კობახიძე, და „რუსულმა ოცნებამ“ ბოდიში არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძის თქმითვე, ხელისუფლებამ შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსაც უნდა მოუხადოს ბოდიში:
„ამავე დროს, ხელისუფლებას ბოდიში აქვს მოსახდელი გარდაცვლილთა ოჯახებისათვის, რადგან ტალახში ჩარჩენილი ადამიანები განსაცდელში მიატოვა.
ხელისუფლება ამბობს, რომ შოვში ვერტმფრენი ერთ საათში ჩავიდოდა თუ სამში, აზრი არ ჰქონდა, რადგან სტიქიიდან 10 წუთში ყველაფერი მორჩა.
სინამდვილეში კი, ხალხი საათები იბრძოდა გადარჩენისთვის. არადა, სახელისუფლებო ვერსიით, სტიქიის ზონაში, ამბის მომტანიც აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი.ტალახის მასიდან ვერავის უნდა გამოეღწია.
თუმცა, მაგალითად, დავით ჯელაძის გადარჩენა ამ ვერსიის საწინააღმდეგოა. ამიტომ სცადეს მისი გაშავებაც. გადარჩენილებს გადარჩენა ვერ აპატიეს. ხოლო, როდესაც ხალხის რეაქცია დაინახეს, დროებით გაჩერდნენ, მაგრამ თუ შესაძლებლობას მივცემთ, ხვალ უარესს გააკეთებენ“, – თქვა გიორგი კაპანაძემ.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.
აღნიშნული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა და თქვა, რომ სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ შოვში მეწყერს გადარჩენილ ახალგაზრდა კაცს, დავით ჯელაძეს გული ატკინა.
„სიმართლე არ იკარგება“ – რას წერს დავით ჯელაძე კობახიძის განცხადების შემდეგ
ჩიხლაძე: „კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს“