შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას „ფორმულას“ ეთერში ეხმაურება. როგორც დავით ჯელაძე აცხადებს, ირაკლი კობახიძის განცხადება შეურაცხმყოფელია.
მისივე თქმით, მეწყერზე გადასვლის დროს მას მიწაში ჩამარხული ადამიანის ხმა ესმოდა, რომელიც შველას ითხოვდა.
„ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე, არ ვიცი, ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი, ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ, ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. […]
საერთოდ არაფერი რომ ეთქვა გადარჩენილებზე, ალბათ შევეშვებოდი ყველაფერს, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. […] ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა.
მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, რომელიც არ სჯერა ირაკლი კობახიძეს, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა და ვერ გავიგე, მეთქი საიდან მოდიოდა? ვერავის ვერ ვხედავდი და ის ადამიანი იყო მიწაში ჩამარხული და ითხოვდა შველას და ვერავინ ვერ ვეხმარებოდით იქ, იმიტომ, რომ ყველა მეწყერში ვიყავით ჩაფლული, ჩვენ ადამიანები, ვინც ამ სტიქიას შევესწარით“, – განაცხადა დავით ჯელაძემ.