საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარს იანუშ ვოიცეხოვსკის შეხვდა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში.
მინისტრმა ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ.
„2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის, რაც მსხვილ სახელმწიფო ინვესტიციებში გამოიხატა. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021–2027 წლების სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში. სტრატეგია ითვალისწინებს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირებას და განვითარებას, სოციალური მდგომარეობის და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ევროკომისრის თქმით, საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს წარმატებით ახორციელებს და აქვს წინსვლა. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის.
ევროკომისართან გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ბიძინა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ.
