საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდმარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე იქადაგა.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს.
ეს დღე დადგინდა IX საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქ, წმინდა მეთოდიოსის დროს, როგორც ხატმებრძოლეობაზე საბოლოო გამარჯვება და, საერთოდ, ყველა ცრუ სწავლებასა და მწვალებლობაზე გამარჯვება, ზეიმი ამ გამარჯვების.
რა არის მართლმადიდებლობა? დღეს ვფიქრობთ კიდევ ერთხელ ამაზე. ეს არის სარწმუნოება, რომელიც მართებულად ადიდებს უფალს. ეს არის ზეცა დედამიწაზე, ეს არის სწავლება, რომელიც ეფუძნება მოციქულებისგან მიღებულ წმინდა წერილს, წმინდა გადმოცემას, იმ მოციქულებისგან, რომლებიც თვით ძე ღმერთმა წარაგზავნა საქადაგებლად ყველა ხალხებში მათზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ. მათი ქადაგების შემდეგ მსოფლიო კრებებმა და წმინდა მამებმა მხოლოდ ის დაადგინეს, რაც ეთანხმებოდა წმინდა წერილსა და მოციქულთა სწავლებას.
იყო მართლმადიდებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მართლმადიდებლური სწავლება ღმერთზე – ეს არის ის, რაც განაცხადა თვით ძე ღმერთმა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.
იყო მართლმადიდებელი, ეს ნიშნავს, რომ გქონდეს მართებული ცოდნა ღმერთზე, რა თქმა უნდა, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისთვის და ასევე, გქონდეს ცოდნა იმისა, თუ რა არის ზეციური სამყაროსკენ მიმყვანებელი გზა.
ეს გზა, რომელიც არის ქრისტიანული ცხოვრების წესი, ანუ სულიერი ცხოვრების პრაქტიკა, ასევე ეფუძნება წმინდა სახარებას, წმინდა წერილს. ეს გახლავთ ერთადერთი სწორი გზა სიწმინდის მოსაპოვებლად, სულის გადასარჩენად. ეს დადასტურდა ცხოვრების მაგალითზე მრავალი დიდი მოსაგრისა, რომლებმაც მიაღწიეს დიდ სიწმინდეს და მრავალი სასწაული აღასრულეს.
მართლმადიდებლობა – ეს არის წმინდა ქრისტიანობა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ყოველგვარი ადამიანური მოსაზრებების შემოტანის გარეშე, მაგრამ მართლმადიდებლობა როდი იძლევა მხოლოდ განყენებულ ცოდნას, არამედ ის იძლევა სულიერ ძალებსაც სწორი სულიერი ცხოვრების წარმართვისთვის, ვინაიდან ჩვენ ეკლესიაში გვეძლევა სულიწმიდის ნიჭები, რომლებიც გვეხმარება სიკეთის ქმნასა და მოღვაწეობაში. ამიტომ ყოველი გადახვევა მართლმადიდებლობიდან, ეს არის ამ სწორი სულიერი ხედვის გამრუდება, დაზიანება და ყველას, ვინც გადაუხვევს მართლმადიდებლობიდან და არა მხოლოდ თვითონ გადაუხვევს, არამედ სხვებსაც აცდუნებს და გაიყოლიებს, წმინდა ეკლესია შეაგონებს, ამხელს და გამოუსწორებლობის შემთხვევაში განიშორებს თავისი წიაღიდან, როგორც მოიკვეთენ ხოლმე უკურნებელი სენით დაავადებულ სხეულის ნაწილს იმისთვის, რომ სხეულის ჯანმრთელი ნაწილი გადადებისგან და სიკვდილისგან დაიცვან.
დღევანდელი დღე არის ერთგვარი გამოცდაც ჩვენთვის, ყველასთვის, რომ ვკითხოთ ჩვენს თავს, ვარ თუ არა მართლმადიდებელი? ხომ არ ამებნა გზა ჩემს ფიქრებში, აზრებში? თუ ამებნა, უნდა შევინანო და გამოვსწორდე, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ სწავლება, არამედ ეს არის ცხოვრების წესიც. ამიტომ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს, ვცხოვრობ თუ არა მე, როგორც მართლმადიდებელი? თუ ვერ ცხოვრობ, ამ დიდმარხვაში ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, ესეც გამოვასწოროთ და მოვინანიოთ.
დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დიდ მოვლენას. 1990 წელს, ზუსტად ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით მთელ ჩვენს ეკლესიას გადასცა ორი სიგელი, რომლებითაც აღიარებულია ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული.
ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებით მადლობას ვუხდით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მისი დიდი ღვაწლისთვის, ვინაიდან ეს დიდი მოვლენა მოხდა მისი დიდი ავტორიტეტით და დიდი შრომის შედეგად. მისი დამსახურება არის არა მხოლოდ ის, რომ მოხდა ავტოკეფალიის აღიარება, არამედ ისიც, რომ ამ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ჩვენს ეკლესიას ავტოკეფალია აქვს უძველესი დროიდან.
ასე რომ, განსაკუთრებით მივულოცოთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დღევანდელი დღე და ვუსურვოთ მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, რომელიც მუდამ ცდილობდა, ჭეშმარიტების გზით ევლო და დაეცვა მართლმადიდებლობა და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელებულიყოს, ვინაიდან ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ერის გადარჩენის მთავარი საწინდარი, ამინ” , – განაცხადა მეუფე შიომ.