სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ტაძარში პატივის მისაგებად მივიდა ფეხბურთელი აჩი არველაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას პატრიარქთან დაკავშირებული პირადი მოგონებები გაიხსენა და ქვეყნისთვის ამ დანაკლისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„განსაკუთრებული გრძნობები გვაქვს მის მიმართ. პირადად ვიცნობდი, რამდენჯერმე შევხვედრივარ კიდეც. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც დღეს ჩემნაირი განცდა არ ჰქონდეს… ერთი მხრივ, ეს არის სინანული, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას დააკლდა ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი ალბათ, ბოლო ასი წლის მანძილზე“, – განაცხადა აჩი არველაძემ.
სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში.
