LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს განაცხადის მხარდასაჭერად ევროპული კომისიის პრეზიდენტს მიმართავს

103
287493864_432163858482620_2768158616687159957_n (2)

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს განაცხადის მხარდასაჭერად ევროპული კომისიის პრეზიდენტს მიმართავს.

„ქალბატონო პრეზიდენტო,

პატივი მაქვს, მოგმართოთ საქართველოს ადვოკატურის სახელით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს განაცხადის მხარდასაჭერად.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დამოუკიდებელ და თვითმმართველ საჯარო ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც ქვეყანაში მოქმედ ყველა ადვოკატს აერთიანებს, იცავს და ახმოვანებს საქართველოში იურიდიული პროფესიის ინტერესებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა – ადამიანის უფლებების დაცვა, იურიდიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ქვეყანაში სამართლის უზენაესობის გაძლიერება.

ადვოკატებს, როგორც მართლმსაჯულების წარმომადგენლებს, შეუძლიათ რეალურად შეაფასონ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის პროგრესი კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერების გზაზე. ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ რჩება რიგი გამოწვევები, თუმცა, აღსანიშნავია არაერთი წინ გადადგმული ნაბიჯიც, რის შედეგადაც დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებები უფრო მეტად არის დაცული, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი, ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობა გარანტირებული, ხოლო სამართლებრივი ბაზა, მათ შორის, სასამართლო სისტემის ინსტიტუციური მოწყობის კუთხით, დაახლოებული ევროკავშირის სტანდარტებთან. ამ პოზიტიური ძვრების პროცესში განუზომელია ევროკავშირში ინტეგრაციის ყოველი მექანიზმის როლი, როგორიცაა – აღმოსავლეთ პარტნიორობა, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია. ანალოგიურია ვითარება იურიდიული პროფესიის სფეროშიც, რასაც ადასტურებს კონკრეტული მაგალითი: კერძოდ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) დამკვირვებელი წევრის სტატუსის მინიჭებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენ მიერ იურიდიული პროფესიის ევროპული ფასეულობების გაზიარებასა და საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების გარემოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გვჯერა, რომ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არსებით როლს შეასრულებს ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური ლიდერების იმ საერთო მიზნის გარშემო მობილიზების პროცესში, როგორიცაა მნიშვნელოვანი რეფორმების დაჩქარება სრულფასოვანი დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მისაღწევად.

ჩვენ, ადვოკატებს, ყოველდღიურად ათასობით ადამიანთან და ბიზნეს-ორგანიზაციასთან გვიწევს ურთიერთობა. შესაბამისად, ვფლობთ ინფორმაციას ჩვენი საზოგადოების განწყობის შესახებ საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე – ესაა იმედის განცდა; იმედისა, რომ ხორცი შეესხმება ჩვენს ისტორიულ სწრაფვას ევროპულ ოჯახში გაერთიანებისაკენ.

საქართველოს ადვოკატურის სახელით, იმედს გამოვთქვამ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ, რაც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს განამტკიცებს და ახალ შესაძლებლობებს გაგვიხსნის დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.“ – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტის ასლი, ასევე გაეგზავნა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g